საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნასიო კასისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იმყოფება.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ეუთო-ს, როგორც დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ხელშეწყობის ინკლუზიური პლატფორმის, მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.
ყურადღება ასევე გამახვილდა შვეიცარიის კონფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობასა და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები.
„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან.
ნიუ-იორკში გამართული ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დღეს განვიხილეთ საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
