მიხეილ ყაველაშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხუთი თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხუთი თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, პაატა შავიშვილს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ირაკლი აფხაიძეს, მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე არაბულს, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ამბოკაძეს, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, მარიამ ყაველაშვილს.

დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახელმწიფოს სიძლიერე იწყება იქ, სადაც მას საკუთარი რეალობის ზუსტი, ობიექტური და სიღრმისეული აღქმა აქვს. თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში ქვეყნის განვითარების სწორი კურსი, უპირველეს ყოვლისა, მიუკერძოებელ, დამუშავებულ და ზუსტ მონაცემებს ეფუძნება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სტატისტიკის სახელმწიფო ინსტიტუტის ისტორიულ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მისი ჩამოყალიბება 1919 წელს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მეთოდები მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა სტატისტიკის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული პასუხისმგებლობა და ქვეყნის წინაშე ერთგულება.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა საზოგადოებისათვის სანდო და ხელმისაწვდომი სტატისტიკური ინფორმაციის მნიშვნელობაზეც. მისი შეფასებით, ობიექტური მონაცემები ხელს უწყობს მოქალაქეთა ინფორმირებულობას და ამცირებს ინფორმაციული მანიპულაციის შესაძლებლობას.

„დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს, მის მონაცემებს ენდობიან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასეთი ნდობა დიდი გამოცდილებით მოიპოვება, მისი შენარჩუნება კი ყოველდღიურ გარჯასა და საქმისადმი თავდადებას მოითხოვს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა დაჯილდოებულ პირებს მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ღირსების მედალი მათი მრავალწლიანი გამოცდილებისა და ქვეყნისადმი ერთგულების სახელმწიფოებრივი აღიარებაა.