საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ინიშნება ბატონი გიორგი ზურაბაშვილი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
„რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ჟენევის ფორმატთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ამ ამოცანების შესრულებაში საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.
ბატონი გიორგი ზურაბაშვილი არის ძალზე გამოცდილი დიპლომატი. წლების განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საჯარო სამსახურში; საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორი, აგრეთვე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2024 წელს კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2025 წლის 1 ივლისს - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.
დარწმუნებული ვართ, ბატონი გიორგი ზურაბაშვილი, მისი ცოდნითა და გამოცდილებით, საუკეთესოდ შეასრულებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისთვის დაკისრებულ ამოცანებს,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის პოზიცია შარშან დეკემბერში გახდა ვაკანტური.
„ამის შემდეგ ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სექციაზე, რომელიც შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობის ყოფილი წევრი დაინიშნა სექციაში ჩვენს წარმომადგენლად - ბატონი ალეკო წულაძე. აქცენტი კეთდებოდა სექციაზე. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში უშუალოდ ბატონი ალეკოს ხელმძღვანელობით, თუმცა დავინახეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ დამატებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სპეცწარმომადგენლის თანამდებობის არსებობა და თანამდებობის პირის დანიშვნა, შესაბამისად, პრაქტიკის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ამ საკითხზე იყო კონსულტაციები გიორგი ზურაბაშვილთან და მისი თხოვნა იყო, განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც.
„ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა კონსულტაციები ბატონ გიორგისთან, მისი თხოვნა იყო, რომ მას განეგრძო პარალელურად მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებაც. ჩვენ ამ ინიციატივას ანგარიში გავუწიეთ, შესაბამისად, ბატონი გიორგი განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულებას. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობებს, რუსეთთან ურთიერთობებში ის ჩვენ წარმოგვადგენს როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული ამოცანები, რაც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
„რეალურად რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, აქამდე სექცია მუშაობდა აქტიურად შვეიცარიის საელჩოში ჩვენი სექცია და კიდევ ერთხელ ჩვენ დავინახეთ საჭიროება, რომ სექციის მუშაობის პარალელურად, დანიშნულიყო ხელახლა სპეცწარმომადგენელი.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები, ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და გრძელდება მუშაობა, სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი, ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არის შეცვლილი,“- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს დავით გარეჯის თემაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარდეს.
„ეტყობა მოაგვარა და მე გამომრჩა რამე. რა თქმა უნდა, ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარდეს. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ორივე მხარე, როგორც აზერბაიჯანი-საქართველოს შემთხვევაში, ასევე სომხეთი-საქართველოს შემთხვევაში, ვთანხმდებით, რომ ეს პროცესი არის აქტიურად გასაგრძელებელი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით. გრძელდება აქტიური მუშაობა.
რაც ვერ მოაგვარა მან, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამის გაკეთებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ახლა დანიშვნა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაინახა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება კონკრეტულ მიმართულებებზე აქტიურად მუშაობისთვის, მათ შორის, ესენია - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები.
„გარკვეული დრო გადის, გროვდება გამოცდილება, აკვირდები მოვლენების განვითარებას, როგორია პრაქტიკა. საბოლო ჯამში, დავინახეთ რომ არის კიდევ ერთი არხი საჭირო იმისათვის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ შესაბამის საკითხებზე.
რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა, ერთია - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რითაც არის დაკავებული მათ შორის, ჟენევის ფორმატი, ჟენევის ფორმატში ჩვენი წარმომადგენლობა. ეს არის ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ჰუმანიტარული საკითხები. ყველა მიმართულებით დავინახეთ დამატებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხის საჭიროება და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. საერთო პრაქტიკის გათვალისწინებით,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითოეულ ადამიანს შეუძლია ნახოს, რამდენად სწორი და ადეკვატურია შესაბამისი ხარჯი, შესაბამისი ამოცანებისათვის.
„გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის აგენტურიდან, შესაბამისი მედიასაშუალებებიდან იმასთან დაკავშირებით, თითქოს გაიფლანგა პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული თანხები და ამის საპასუხოდ, ჩვენ პირობა გავეცით ერთ-ერთ ბრიფინგზე, რომ ყველა ხარჯი თითოეული კომპონენტის დონეზე გამოქვეყნდებოდა და ეს გამოვაქვეყნეთ. საბოლოო ჯამში დგინდება, რომ ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, აქედან დახარჯეს მხოლოდ, დაახლოებით 722 000 ლარი. დანარჩენი თანხა, დაახლოებით 2 მილიონ 200 ათასზე მეტი დაბრუნდა საქართველოს ბიუჯეტში. ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ წესით აქ ფული არ უნდა ყოფილიყო მოპარული. რაც შეეხება ამ 722 000 ლარს, ეს არის დეტალურად კომპონენტებად ჩაშლილი და რატომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი - მაგალითად იქ წერია, რომ ლოტბარების ტრანსპორტით უზრუნველყოფაში დაიხარჯა ესა და ეს. ამა და ამ საკითხებზე, მაგალითად უწყვეტი ელექტროენერგიის მომარაგებაზე დაიხარჯა ამდენი და ამდენი. რატომ გამოვაქვეყნეთ ეს ყველაფერი, რომ თითოეულ ადამიანს, ნებისმიერ თქვენგანს, შეგიძლიათ, ნახოთ, რამდენად სწორი და ადეკვატურია შესაბამისი ხარჯი, შესაბამისი ამოცანებისათვის. ეს ინფორმაცია არის გამჭვირვალე, საჯარო. ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციით უკვე მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ცალსახაა პასუხი, თუმცა თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით არის თუ არა კიდევ კითხვის საფუძველი, ეს შეგიძლიათ დაადგინოთ. მაგალითად 400 ლარი რომ არის თითო სატრანსპორტო საშუალება გამოყოფილი, ხომ არ უნდა ყოფილიყო გამოყოფილი 350 ლარი.
პირადად მეც გადავხედე თითოეულ ხარჯს, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა ამ ყველაფერში მთავრობის ადმინისტრაციამ. 400 ლარი არის თუ არა ადეკვატური ხარჯი ტრანსპორტისთვის კონკრეტული ტრანსპორტირებისთვის ამას განვსაზღვრავთ ჩვენ საბაზრო ფასების შესაბამისად და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადახედოს საბაზრო ფასებს და დაადგინოს, არის თუ არა აქ რაიმე ჭარბი ხარჯი გაწეული. თქვენ დარჩით ბოლო მოჰიკანი, ვისაც სჯერა, რომ სამი მილიონიდან 2 მილიონი 200 დააბრუნო უკან და მაინც მოიპარო ფული, შეგიძლიათ, გჯეროდეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და თუ ვინმე დაინახავს სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს გადაწყვეტილების ტექსტში, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ სამართლებრივი კომენტარები გააკეთონ.
„ყველა უნდა მოერიდოს ჩარევას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენთვის საინტერესო არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სამართლის უზენაესობა და ამ მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ყურადღებიანი. როდესაც არის მიმდინარე პროცესი, ამ პროცესთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება, კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით, არის აშკარად ჩარევა, ბუნებრივია. სამართლებრივი პროცესია, მართლმსაჯულება განიხილავს ამ ყველაფერს და როდესაც საქმე ეხება მართლმსაჯულებას, ყველამ უნდა შეიკავოს თავი რაიმე წინასწარი კომენტარისგან. ყველას შეუძლია, როდესაც გამოქვეყნდება გადაწყვეტილება, წაიკითხოს გადაწყვეტილების შინაარსი, როგორი ფორმისაც არ უნდა იყოს და როგორი შინაარსისაც და კეთილი ინებონ და მერე გააკეთონ კომენტარები. ოღონდ აქაც კომენტარები გააკეთონ გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით და არა ზოგადად. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც განიხილება სამართლებრივი საკითხი სასამართლოში, პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, უნდა წაიკითხოს შინაარსი. სარჩელზე არავინ საუბრობს, იქნებ რა წერია, არ წაუკითხავთ ეს სარჩელი, სარჩელზე კი არ საუბრობენ, ზოგად განცხადებებს აკეთებენ. ზოგადი განცხადება არის აშკარა და უხეში პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ადამიანის უფლებებში არსებობს ასეთი ტერმინები - უფლების შეზღუდვა და უფლების შელახვა. უფლების შეზღუდვა არის ნებისმიერი რამე. როდესაც ადამიანი კაცს მოკლავს და მას იჭერ, მას უზღუდავ თავისუფლების ძირითად უფლებას. მთავარია, არ უნდა შეელახოს უფლება. როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში პარტია იკრძალება, ეს არის კონკრეტული ძირითადი უფლების შეზღუდვა, მაგრამ შეზღუდვა შეიძლება იყოს გამართლებული. თუ შეზღუდვა გამართლებულია, ამ შემთხვევაში კონსტიტუცია არის დაცული. ეს სახელმძღვანელოებში წერია, ასე ასწავლიან პირველ კურსზე ადამიანის უფლებებს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. შუამდგომლობები ეხებოდა მოსამართლეების აცილებას. ისეთი მოუმზადებელი იყო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, რომ ბატონი თევდორაშვილი ეგონა მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის მიერ იყო დანიშნული. სალომე ზურაბიშვილმა თან იმ დროს დანიშნა, როდესაც უკვე ლეგიტიმური იყო მათი გადმოსახედიდან, თორემ მანამდე ხომ არ იყო ლეგიტიმური და მერე გახდა ლეგიტიმური და როცა ლეგიტიმური იყო უკვე სალომე ზურაბიშვილი, მაშინ დანიშნა ბატონი თევდორაშვილი. ამიტომ აქაც კი ნახეთ, რამხელა არაპროფესიონალიზმს და მოუმზადებლობას ავლენენ ეს ადამიანები“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ პარტიებს რეალურად რეიტინგიც არ აქვთ და თავად მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე საკუთარი თავი.
„როდესაც ხალხს არ ელაპარაკები და გამუდმებით ელაპარაკები უცხოურ ძალებს, საკუთარ პატრონებს ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს კარგავ საზოგადოების ნდობას. იმ ნაწილის ნდობასაც კი, რომელიც მანამდე გენდობოდა. აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია და არის უცხოური აგენტურა. არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვთ ხალხში, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი, დემოკრატიული სისტემა და ეს პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ამ მიმართულებით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეს წარმოაჩენს, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს.
„რაც მოვისმინეთ, ამას კრიტიკას ვერ დავარქმევდი. ეს არის პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობაში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევის უხეში პოლიტიკური მცდელობა, რაც წარმოაჩენს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, როდესაც ასე ღიად და უხეშად ცდილობენ ჩაერიონ საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი და სანახავი“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მიმდინარე პროცესში აღნიშნული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები თავადვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები.
„ხედავთ, რომ არსად რესურსი არ აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს. ასეთ დროს თეორიულად შეიძლება დასვან კითხვა, თუ ასეთი სუსტია ამ პარტიათა ერთობლიობა, რა საჭიროა მათი აკრძალვა. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. რა თქმა უნდა, სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მომგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება ის პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში.
თვალყურს ვადევნებდი გამოსვლებს, მათ შორის, ამ ძალების წარმომადგენლების გამოსვლებს და სასაცილო ის არის, რომ თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები. მათ შორის, საკუთარი განცხადებებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით და ა.შ. თვითონვე მიაქვთ საკუთარი პირით მტკიცებულებები საკუთარ აკრძალვასთან დაკავშირებით. ძალიან თვალნათელი გახდება სრულიად საზოგადოებისთვის მე ვფიქრობ ამ დღეების შემდეგ, თუ რატომ არის ეს პოლიტიკური პარტიები ასაკრძალი. ეს ისედაც იცის ჩვენმა საზოგადოებამ, თუმცა ამის დამატებით მტკიცებულებებს იხილავენ სასამართლო პროცესზე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
