ვინმე თუ ცდილობს კონსტიტუციური წყობილების დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და ეს არის სარჩელი, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში - ირაკლი კობახიძე

თუ ვინმე არალეგიტიმურად აცხადებს და უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ის სარჩელი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი იქნება წარმატებული, რაც, საბოლოო ჯამში, მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს – ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი ემსახურება გამუდმებული პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევას.

„როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია. სინამდვილეში გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო ფარსი. სინამდვილეში, ერთადერთი, რაც უნდათ ამ ადამიანებს, მათ შორის, ქალბატონ რასას, საქართველოში, არის სწორედ პოლარიზაცია. ამ სარჩელის წარმატების გარეშე ჩვენ დავრჩებით პოლარიზაციის მუდმივ ჩაკეტილ წრეში. ზუსტად ეს უნდა ქალბატონ რასას, ეს უნდათ მის მეგობრებს, რომ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში. ჩვენი სარჩელი ემსახურება სწორედ ამ გამუდმებული პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევას.

რაც შეეხება სარჩელს, აქ არიან კონკრეტული ძალები, ერთი პოლიტიკური პარტია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც დღემდე ხელისუფლებას აცხადებს არალეგიტიმურად და უნდათ, რომ ეს დაამკვიდრონ, რომ ვიღაც შეიძლება აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად, ვიღაც შეიძლება პოლიციელს ურტყამდეს ხელს და უნდა დარჩეს დაუსჯელი და ვიღაც შეიძლება წლების განმავლობაში აცხადებდეს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და ამაზე სამართლებრივ სისტემას არ უნდა ჰქონდეს პასუხი. ეს არასწორია. თუ ვინმე არალეგიტიმურად აცხადებს და უხეშად უპირისპირდება კონსტიტუციურ წყობილებას და ცდილობს მის დამხობას, მას უნდა დაუპირისპირდეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი და სწორედ ეს პასუხია ის სარჩელი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სარჩელი იქნება წარმატებული, რაც, საბოლოო ჯამში, მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს – ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა

ჩვენ ვნახეთ უკრაინის მაგალითი – 18 პოლიტიკური პარტია აიკრძალა უკრაინაში, მოლდოვაში არაერთი პოლიტიკური პარტია აიკრძალა და იქ არავის უთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რამენაირად შეიძლება უკავშირდებოდეს დემოკრატიის პრინციპს, ვერც იტყოდნენ, პრინციპში, რადგან ეს არის აბსურდი.

რა აბსურდიც არ თქვეს უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ის აბსურდი თქვეს საქართველოსთან მიმართებით, საიდანაც ჩანს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან უხეში პოლიტიკური მოტივი. რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, არის ორმაგი სტანდარტები. იგივე ეხება არჩევნებსაც. თქვენ იცით, რომ არაერთ ქვეყანაში ჩვენს გარშემო ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარდა არჩევნები, იგივე მოლდოვაა  ამის ძალიან კარგი მაგალითი, თუმცა იქაც არავითარი კომენტარი, რაიმე არსებითი კომენტარი არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. ყველგან ჩანს ორმაგი სტანდარტები, ჩვენ გვჭირდება სამართლის უზენაესობის დაცვა და ამას ემსახურება ის პროცესები, რომლებიც ჩვენ წამოვიწყეთ“, – განაცხადა კობახიძემ.