ბოლო წლებში საქართველომ როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია. განვითარებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, რომელთაც ბუნებრივია, ახლავს გამოწვევები, მათ შორის, საგარეო ასპარეზზე. ამ გამოწვევებზე პასუხი ერთია: სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა.
„2025 წელს დავიწყეთ და ეტაპობრივად ვახორციელებთ რეფორმას საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენი მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა. ძლიერდება საქართველოს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია განათლებული ახალგაზრდების მოზიდვა დიპლომატიურ სამსახურში. ამ მიზნით დაფუძნდა დიპლომატიის აკადემია , რაც არის ქვეყნის სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში. ის მოამზადებს კადრებს სათანადო ცოდნითა და ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებით და ინოვაციური ხედვით. ქართული დიპლომატიის ხვალინდელი დღე სწორედ მათზეა დამოკიდებული,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს.
„გილოცავთ დიპლომატის დღეს! საქართველოს ისტორია დიპლომატიის ძალიან მდიდარ ტრადიციას ინახავს. საუკუნეების განმავლობაში, ურთულეს გარემოში, საქართველოსთვის დიპლომატია გადარჩენისა და წინსვლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო და ასეა დღესაც. სიმბოლურია, რომ დიპლომატის დღე დიდი საზოგადო მოღვაწისა და გამორჩეული დიპლომატის - სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
სწორედ სულხან-საბას სახელს ატარებს მთავარი ჯილდო, რომელიც გადაეცემათ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის სახელობის ჯილდოთი კი აღიარებულია დიპლომატის წვლილი სამსახურის გამართულ საქმიანობაში. წინასწარ ვულოცავ დღევანდელ ლაურეატებს დამსახურებულ აღიარებას.
ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევა შეუძლებელია თითოეული დიპლომატის დაუღალავი შრომის გარეშე.
„გამოცდილებაზე დაფუძნებული, ახალი თაობით გაძლიერებული და მომავალზე ორიენტირებული ქართული დიპლომატია წარმატებით განაგრძობს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას. ღირსეული საქმიანობისთვის, პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ საქმეს ემსახურებით. მადლობა საგარეო საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, ელჩებს, ატაშეებს, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი წარმომადგენლობების თანამშრომლებს. თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიპლომატის დღეს და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, არის კონკრეტული ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია.
„ბუნებრივია, აქაც ორმაგი სტანდარტია. არის კონკრეტული ძალიან უხეში ქმედებები, თუმცა ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია, იმიტომ, რომ იქ არის განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ განიხილავს კონკრეტულ სარჩელს, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე. ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტი. სამწუხაროდ, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა არ ეფუძნება წესებს და სამწუხაროდ, წესებს მიღმა მოქმედებენ ევროპელი ბიუროკრატები, რაც სრულიად თვალსაჩინოა ქართული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად, საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიული ალასანიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავს კორუფციულ ფაქტებს ჰქონდა ადგილი საქართველოში, 9 წლის განმავლობაში.
„ის დედაა და შეიძლება ასეთი განცხადებები აკეთოს, მაგრამ რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, ეს ყველაფერი ასახულია, მათ შორის, ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში და საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცის. მათ შორის, საზოგადოებამ კარგად იცის კორუფციის შესახებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმე არის ყველაფრის დასტური, რომ სააკაშვილმა ძალიან მარტივად, უხეშად, საკუთარ ოჯახის წევრს გადაუფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რაც კორუფციის კატასტროფული გამოვლინებაა. წარმოიდგინეთ, მე ჩემს ოჯახის წევრს რომ გადავუფორმო ერთ ლარად რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონება, რა რეაქცია მოჰყვება ამას. ასეთი აღვირახსნილი კორუფცია ხდებოდა საქართველოში, სისხლიანი 9 წლის განმავლობაში და ამაზე სხვა ფორმით საუბარი თავხედობის ერთგვარი გამოვლინებაა“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი თვალსაჩინო და მკაფიოა.
„პირველ რიგში, ყველა დააკვირდეს საკონსტიუციო სასამართლოში პროცესის განვითარებას. პირველ რიგში, საკონსტიუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური ჩარევის მცდელობა კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში და ახლა პოლიტიზების მცდელობა უკვე სტრასბურგის სასამართლოს ხსენებით. ეს არასწორია. პოლიტიკოსები უნდა მოერიდონ საუბარს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ზოგადად მართლმსაჯულებაზე. ეს არ არის მათი საქმე, მათი საქმეა - დააკვირდნენ ზოგადად მოვლენების განვითარებას. თუ სამართლებრივი შეფასებები აქვთ, სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინონ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ნუ გამოდიან უხეში პოლიტიკური გზავნილებით.
იმდენად თვალსაჩინოა და იმდენად მკაფიოა სარჩელის დასაბუთება, რომ, რა თქმა უნდა, ყველაფრისთვის ვართ მომზადებული. გვერდზე რომ გადავდოთ წმინდა იურიდიული მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა ვხედავთ რას, რომ 2012 წელს, როცა ჩატარდა არჩევნები და ეს არჩევნები წააგო „ნაცმოძრაობამ“, მაშინდელ რეჟიმს ჰქონდა მცდელობა, არ ეღიარებინა მის მიერვე ჩატარებული არჩევნების შედეგები და გახსოვთ სენატორების განცხადება. სენატორები მივიდნენ სააკაშვილთან და მხოლოდ სენატორების გზავნილების შემდეგ აღიარა მის მიერვე ჩატარებული არჩევნების შედეგები მიხეილ სააკაშვილმა. ამის შემდეგ იყო 2016 წლის არჩევნები, როდესაც ამ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ სცადა შედეგების არაღიარება, შემდეგ იყო 2020 წელი, როცა ასევე სცადა შედეგების არაღიარება და 2024 წელი, როდესაც სცადა შედეგების არაღიარება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ხდებოდა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე.
იმდენად თვალსაჩინოა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველი, რომ აქ ჩვენ ბოლომდე ვართ წელში გამართული. კითხვები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე მხარს უჭერდნენ მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. ეს არის ჩემი მარტივი პასუხი. მე ზოგადად ვსაუბრობ ევროპულ ბიუროკრატიაზე, ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს და იგივე ადამიანები დღეს უკვე გამოდიან პოლიტიკური გზავნილებით კონსტიტუციური მართლმსაჯულების წინააღმდეგ,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები. პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ ეს ვითარება შეიცვლება.
„კონსტიტუციაში რაც წერია, ჩემი ხელით არის დაწერილი. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, კონსტიტუციური ამოცანა და ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთდება, რაც არის შესაძლებელი. არის სერიოზული გამოწვევები, ამას აქვს თავისი მიზეზები, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ეს ვითარება შეიცვლება მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების სროლის წახალისებას ცდილობდნენ უცხოელი დიპლომატებიც, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე კითხვები დაისვას შესაბამისი ადრესატების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ წაეხალისებინათ საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების სროლა და აქ იყვნენ უცხოელი დიპლომატებიც, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამწუხაროა, ეს იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც შეიწყალა შესაბამისი პირი და მთელი კამპანია იყო ჩართული მოლოტოვის კოქტეილის სასარგებლოდ. გახსოვთ, ევროპული დაფინანსებით მოქმედი ენჯეოები, რომლებიც შესაბამის კამპანიას აწარმოებდნენ, ეს იყო უკიდურესად შემაშფოთებელი. რას ვხედავთ საფრანგეთში - საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოა. ეს აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის სამარცხვინო სახეს და ეს აჩვენებს ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის, იგივე უცხოური აგენტურის სახეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, თუ ადამიანები მოინანიებენ, აღარებენ, ამ შემთხვევაში დაცული იქნება სამართლის უზენაესობის პრინციპიც და მეორე მხრივ, ადამიანები დატოვებენ დაწესებულებებს.
„მივესალმები მონანიებას, აღიარებას. ამ შემთხვევაში ჩვენი დაპირება არის, ბუნებრივია, ძალაში. ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ჩემთვის ეს მხოლოდ მისასალმებელია. რა თქმა უნდა, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენი მიზანი და თვითმიზანი არის სამართლის უზენაესობის აღსრულება. შესაბამისად, თუ ადამიანები მოინანიებენ, აღარებენ, ამ შემთხვევაში დაცული იქნება სამართლის უზენაესობის პრინციპიც და მეორე მხრივ, ადამიანები დატოვებენ დაწესებულებებს. ეს არის ჩვენი მოწოდება.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
„ჩვენი მიზანია, ბუნებრივია, გავაძლიეროთ ჩვენი კომუნიკაციის არხი. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, ჰუმანიტარული საკითხები. მე მინდა გითხრათ, რომ უკვე ძალიან ეფექტურად დაიწყო მუშაობა ბატონმა გიორგი ზურაბიშვილმა და მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ეს ჩვენი საქმეა, ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფო საქმე, სახელმწიფო მუშაობს და ამ მუშაობას ექნება კონკრეტული პრაქტიკული შედეგები“, - განაცხადა პრემიერმა.
