პირველ რიგში, თავად ყირგიზეთში ვიზიტის ფაქტია ისტორიული იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი. აქამდე არ გვქონია არც ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში და არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ყირგიზეთში, — ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყირგიზეთთან ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სატრანსპორტო დერეფნის სრულად დატვირთვისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით.
„დღეს შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ, როგორც პარლამენტებმა, ხელი უნდა შევუწყოთ შუა დერეფნის განვითარებას, საკანონმდებლო ხელშეწყობა სადაც იქნება საჭირო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პარლამენტების დარგობრივი კომიტეტების თანამშრომლობა, რათა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზე იმუშაონ. ასევე, მოვიწვიე ჩემი კოლეგა საქართველოში. მას სურვილი აქვს, მომავალ წელს გვესტუმროს. საერთო ჯამში, ჩვენი სურვილია, საქართველოს პარლამენტს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ინტენსიური კავშირები ჰქონდეს.
მანამდე ვიზიტით ვიმყოფებოდი ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ყირგიზეთის შემდეგ ასევე ვგეგმავ ტაჯიკეთში ვიზიტს. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან საქართველოს პარლამენტს ჰქონდეს თანამშრომლობის ფორმატი. მათ შორის, დღეს შევთავაზე საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტებს შორის თანამშრომლობის ფორმატი. ამ საკითხზეც გვექნება მსჯელობა, რათა იმ სატრანსპორტო დერეფნის ჯაჭვში, რომელიც ჩვენ გვინდა, ავაწყოთ, ყველა ქვეყნის პარლამენტი იყოს ჩართული, საკანონმდებლო ჩარჩოს უზრუნველსაყოფად და პროცედურების ჰარმონიზაციისთვის“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
