განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის - სახალხო დამცველი

განათლების სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის წინადადებები, რომელიც მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციას უკავშირდება.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, საგაკვეთილო საათები ობიექტური კრიტერიუმებისა და მკაფიო პროცედურების საფუძველზე განაწილდეს. ამგვარი მოწესრიგება, სკოლების ავტონომიის შენარჩუნებასთან ერთად, ხელს შეუწყობს დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების რისკის შემცირებას.

"სახალხო დამცველი მიესალმება სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ზოგადი წინადადებით წარმოდგენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარებას. სამინისტროს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის ხელშეწყობისკენ და წარმოაჩენს უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისთვის. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემაში თანასწორი გარემოს განმტკიცებაში", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.