პარლამენტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა. ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარუდგინა.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 6.8%-ს შეადგენს, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი კი 120 მილიარდ 306 მილიონი ლარი იქნება.
მისივე ინფორმაციით, საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5.2%-ით განისაზღვრება, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.2% იქნება, მთავრობის ვალი კი მშპ-ის 30%-ს გაუტოლდება.
ბიუჯეტის ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საგადასახადო შემოსავლების ზრდაა. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 810 მილიონი ლარით იზრდება და 27 მილიარდ 850 მილიონ ლარს შეადგენს.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ზრდა საგადასახადო შემოსავლების ყველა ძირითად კატეგორიაში ფიქსირდება. მათ შორის, დამატებული ღირებულების გადასახადის პროგნოზი 320 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რის შედეგადაც, მისი თქმით, მუნიციპალური ბიუჯეტები დამატებით 64 მილიონ ლარს მიიღებენ.
გარდა ამისა, ხუციშვილის ინფორმაციით, გრანტებისა და სხვა შემოსავლების პროგნოზი 326 მილიონი ლარით იზრდება და 3 მილიარდ 8 მილიონი ლარით განისაზღვრება.
პრივატიზაციიდან მისაღები შემოსავლების პროგნოზი კი 130 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 480 მილიონ ლარს უტოლდება.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ახალი ვალების აღების შემცირების ხარჯზე ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 35 მილიარდ 991 მილიონ ლარს შეადგენს.
