რუსეთთან დიალოგი, ქართული კომპანიების სანქციები და დეოკუპაცია — კობახიძის განცხადებები

დღეს მოხარული ვარ, რომ პირველად აღვნიშნავთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს, რომელიც 22 ნოემბერს დაწესდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია. 

„ეს თარიღი არ არის შემთხვევითი, ადგილიც სიმბოლურია. 1918 წლის 22 ნოემბერს სწორედ ამ შენობაში დაამტკიცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და აირჩია ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა. ეს იმ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით პროგრესული აქტი იყო. 108 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრა დაადგინეს, ქალებსა და კაცებს კი თანაბარი ხმის უფლება მიანიჭეს. სწორედ ამ დოკუმენტს ეყრდნობა საქართველოს დღევანდელი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიხვეწა არჩევნების ორგანიზების წესები და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. ფორმები შეიცვალა, პრინციპები უცვლელი დარჩა. კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია. არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია, ამიტომ გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია. ეს საქმე კომისიის თითოეულ თანამშრომელზე, თქვენს პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერ შრომაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის დემოკრატიული არჩევნები და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისია.

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ისტორია 90-იანი წლების დასაწყისიდან არ იყო მარტივი. ყველას გვახსოვს 90-იანი წლები და მასთან დაკავშირებული სირთულეები, ყველას გვახსოვს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის პროცესი, როდესაც ქვემო ქართლისა და აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციები ხელოვნურად აჭიანურებდნენ შედეგების გადაგზავნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პოზიცია და ოპოზიცია ერთდროულად ცდილობდა გაყალბებული საარჩევნო შედეგების გადაგზავნის გაჭიანურებას და შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდა პოლიტიკური მოლაპარაკებებით. ასევე ყველას გვახსოვს 2008 წელს ტოტალურად გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ მე პირადად ვესწრებოდი ერთ-ერთ შეხვედრას, სადაც ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა ატაშემ, მაშინდელმა ატაშემ, ერთ-ერთ უცხოელ პროფესორს გაუზიარა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას გამზადებული ჰქონდა დასკვნა არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ, თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა სხვა ქვეყანამ გამოაქვეყნა დასკვნა საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის თაობაზე და ამის შემდეგ ყველა ევროპულმა ქვეყანამ შეატრიალა საკუთარი დასკვნა.
ასეთი ურთულესი წლები გვაქვს გამოვლილი ჩვენ - ჯერ 90-იანი წლები, შემდეგ მომდევნო ცხრა წელიწადი, ავტორიტარიზმის ცხრა წელიწადი, და ბუნებრივია, ამ პროცესებმა, მძიმე პროცესებმა საკუთარი კვალი დაატყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც. თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისია.
საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი. ეს არის საარჩევნო მემკვიდრეობის დაფასება და ამავდროულად იმ ადამიანების ღვაწლის აღნიშვნა, ვინც ამ ტრადიციას დღეს ღირსეულად აგრძელებს.
მე კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას, ბატონ თავმჯდომარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეულ წევრს, ასევე საოლქო კომისიების წევრებს, საუბნო კომისიების წევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან დემოკრატიულ არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში. მადლობა მინდა გადავუხადო ცესკოს თითოეულ თანამშრომელს, ვინც წლების განმავლობაში არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების საქმეს ემსახურება. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ ყველას წარმატებებს,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება მარტივად საშუალო რგოლი ამ შემთხვევაშიც იყოს მოსყიდული, ვინაიდან ხელწერა არის ზუსტად იგივე - საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება.

„ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული, ე.წ. „დიფ სთეითის“ მიერ არის მოსყიდული და ასეთ პირობებში ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს. და კიდევ ერთი რამ, რაც ახასიათებს მათ ასეთ პირობებში, ეს არის სრულიად უარგუმენტოდ საუბარი და ქმედებების ყოველგვარი არგუმენტების გარეშე განხორციელება, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ, ამას მიჩვეულები ვართ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. და შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითი იყო ასევე საქართველო სააკაშვილის პირობებში - სააკაშვილის დროსაც გვახსოვს რა ხდებოდა, მოსყიდული იყო ჩვენი ე.წ. ხელისუფლება და ამ მოსყიდვის გამო ისინი პირდაპირ დგამდნენ ნაბიჯებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, არგუმენტები მაშინაც არსად იყო. ამას მიჩვეული ვართ. ამ შემთხვევაში, ვხედავთ იმავე ტენდენციას, სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებში. აქაც ძალიან მარტივია, „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება მარტივად, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული, ხელწერა არის ზუსტად იგივე - საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის, მათ შორის, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. მე გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტუირად რეალური შეიძლება იყოს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება,“- აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად.

 

„ანტარქიტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მეზობლებად. აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო, დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა დიფსთეითი, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად და ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის იზიარებს სპეცწარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებას და  სრულიად აბსურდულია ის საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში.

„პირველ რიგში, მივესალმები სპეცწარმომადგენლის მიერ საზოგადოების ინფორმირებას. გამჭირვალობა არის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც საუბარია ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, ჩვენ მათ ვთავაზობთ სწორედ ღია და გამჭვირვალე მოლაპარაკებებს. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც. 
რაც შეეხება ჩემი სპეცწარმომადგენლის შეფასებას, მე ამ შეფასებას ვიზიარებ. ჩვენი მოლოდინი ღვინის საკითხთან დაკავშირებით იყო ის, რომ ეს საკითხი უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო. რეალურად, ახსენა ბატონმა სპეცწარმომადგენელმა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა. ეს იყო ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი. აბსურდია ის, რომ ხარისხს არ აკმაყოფილებენ ეს კომპანიები, აბსურდია ის, რომ უკრაინის სასარგებლოდ ომის რაიმე დაფინანსებაში არიან ზოგადად ეს კომპანიები ჩართული, რა შუაშია საერთოდ ქართულ კომპანიებთან ეს ყველაფერი და ამ კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ აგიტაციაშიც არავის უნახავს. შესაბამისად, არის სრულიად აბსურდული ის საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში. ჩვენი მოლოდინი იყო, ძალიან მარტივად, ამ  მოლაპარაკების საფუძველზე ამ სიის სრული ანულირება, თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ რა, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება 2 კომპანია დაემატოს ამ სიას, გარკვეული კომპანიები შეიძლება ამოვიდეს სიიდან, რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულების გამოვლინებას და ბუნებრივია, ეს ახალი დამოკიდებულებაც არის იგივე შეფასების საგანი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია. ამ შეფასებას თავიდან ბოლომდე ვიზიარებ“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ქართულ მხარეს დიალოგში ექნება მუდმივად პრინციპული პოზიცია. მისივე განცხადებით, ასევე არის ე.წ. პოზიტიური საკითხები და ტექნიკური საკითხები.

„რაც შეეხება ზოგადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 %. ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ. ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, ეს მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ ჩვენ მემკვიდრეობით, რაც ძალიან მძიმე მოცემულობაა. რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, ე.წ. აღიარება აქვს განხორციელებული, შესაბამისად სტატუს-კვო არის უმძიმესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ბუნებრივია თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა. 
ამ დიალოგში არის ერთი ეს საკვანძო პრინციპული საკითხი, რაზეც ბუნებრივია ჩვენ მუდმივად დავაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას და გვესმის, რომ აქ მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგი ვერ მიიღწევა - ეს ერთი. არის მეორე ე.წ. პოზიტიური საკითხები, რაზეც ჩვენ იმ შემთხვევაში შეიძლება წავიდეთ, თუ დავინახავთ, რომ ამის მიზანი არ არის ოპოზიციისთვის ენერგიის მიცემა, ხელისუფლების დასუსტება - ეს მეორე და მესამე - არის ტექნიკური საკითხები, რაზეც ასევე მნიშვნელოვანია საუბარი და ამაზე გაგრძელდება დიალოგი, ამასთან დაკავშირებით უფრო ადვილია პროგრესის მიღწევა,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო მიზანი არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. 

„არის მთელი რიგი საკითხები, მეტწილად ტექნიკური შინაარსის. ეს ტექნიკური შინაარსის საკითხები არ არის დაკავშირებული სამწუხაროდ დეოკუპაციასთან, თუმცა ბუნებრივია, ნებისმიერი საკითხის, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში, იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ეს ვერ მოხდება დეოკუპაციის გარეშე, თუმცა ისიც გვესმის, რომ ეს არ არის ერთდღიანი, არც ერთთვიანი და არც ერთწლიანი ამოცანა. შესაბამისად, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან, მათ შორის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით.  რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება შედგეს ეს შეხვედრები - შეიძლება, რა თქმა უნდა, შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში.   მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. აქ ხომ მთავარი არის პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის ის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფორმატი არ შეიძლება, შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად, აღიარების ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით და მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა ამ თვალსაზრისით არავითარ რისკს არ ქმნის.

„მთავარი რა არის - არცერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. ეს არის მთავარი. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს.  ეს არის მთავარი. ვიღაცას შეიძლება ზედმეტი შიში ჰქონდა, მაგრამ რეალურად,  არც დროშების განთავსება და არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტის მხრიდან, არის სრულიად აუხსნელი. 

„აბსურდშია შესული კონკრეტულად ევროპარლამენტი ამ შემთხვევაშიც. ძალიან მარტივი განცხადება გვაქვს გაკეთებული. თქვენ ნახეთ, რამდენიმე დღის წინ 8 ისეთი ადამიანი შევიწყალეთ, რომელთა უმეტესობა უმძიმეს ძალადობაში იყო ჩართული. გახსოვთ, კონკრეტული დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედება, როგორ უხეშად და უღირსად უპირისპირდება პოლიციელს ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ინტელექტი საერთოდ არ აქვს და ამით შეიძლება გამართლდეს მისი სამარცხვინო ძალადობრივი ქმედებები და ა.შ. ასეთი ადამიანების მიმართაც კი ამოქმედდა ჰუმანური აქტი და მიუხედავად უმძიმესი ძალადობრივი დანაშუალებისა, ეს ადამიანები გამოვიდნენ გარეთ. ჩვენ ჩვენი დაპირება პირნათლად შევასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულები იყო უმძიმესი თავისი შინაარსით,  ეს ადამიანები ჩვენ გავათავისუფლეთ იმიტომ, რომ პირობას ვიცავთ. რასაც დავპირდით საზოგადოებას, ის შევასრულეთ. მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა, ყველა ეს პატიმარი გათავისუფლდა. ახლა იგივე შეთავაზება არის ძალაში ნებისმიერი მოძალადე პატიმრის მიმართ, ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს, ხელისუფლების დამხობას ცდილობდა. ამ ფონზე, როცა ასეთი განცხადებები კეთდება ევროპარლამენტის მხრიდან, არის სრულიად აუხსნელი“, -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დიალოგის შენარჩუნება არის აუცილებელია.

 

„სპეცწარმომადგენელმა გამოყო სამი კატეგორიის საკითხები, ეს იყო ღვინოსთან დაკავშირებული საკითხები, ასე ვთქვათ, ნეგატიური საკითხი, რაც საჭიროებს სასწრაფო გადაჭრას და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამ საკითხის გადაჭრას, ასევე იყო მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვეულებრივად გაგრძელდება საუბარი და ამასთან ერთად იყო, ასე დავარქვათ, პოზიტიური საკითხები, თუმცა აქაც განმარტა სპეცწარმომადგენელმა, მაგალითად მან ახსენა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციების მოწყობა და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. პოზიტიურ საკითხებს, აქაც რატომ გვაქვს ეჭვები, რადგან ასეთი საკითხები კარგად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს, მაგალითად უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციები. თითქოს აქ არაფერი არ არის ცუდი, მეტიც, მინდა, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, მაშინ იყო საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, ტარდებოდა ერთობლივი კონფერენციები. მე პირადად ვესწრებოდი ერთ-ერთ კონფერენციას, რომელიც გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ჩამოსული იყვნენ რუსი სტუდენტები, იყვნენ ქართველი სტუდენტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული ამ ყველაფერში 2011 წელს, წინა ხელისუფლების პერიოდში, ომის დასრულებიდან ძალიან მალევე. თითქოს არაფერი ცუდი არ არის ამაში, მაგრამ აქაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. რა თქმა უნდა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება, იყოს მიმართული მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე და შეიცვლება დამოკიდებულება, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნლოვანი. დიალოგი არის საჭირო, რადგან არის საქართველო, არის რუსეთის ფედერაცია, არის ქართველი ხალხი, არის რუსი ხალხი, ჩვენ ვართ ერთმანეთის მეზობლები და დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია. ჩვენ მოთმინებით გავაგრძელებთ საუბარს და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები გამოიღებს შედეგს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ასეთ დროს მაინც ახერხებენ საუბარს არაბიზაციაზე.

„ჩვენ ხშირად გვისაუბრია ეკონომიკურ სარგებელსა და ასევე, საბიუჯეტო სარგებელზე, რომელსაც მიიღებს ამ პროექტით ჩვენი ქვეყანა. პირდაპირ საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, 2 მლრდ ლარის მოცულობის, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი, სარგებელი არის ძალიან დიდი. რაც შეეხება კამპანიას, იცით, რომ კვლავაც წარმოებს ე.წ. არაბიზაციის კამპანია. გახსოვთ, ამ თემაზე დებატებიც გაიმართა, მოსულები იყვნენ ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, კონკრეტული რადიკალური ძალებიდან და სიტყვა - არაბიზაცია, ამ პროექტთან მიმართებით ვერც ერთხელ ვერ ახსენეს, ვერ გაბედეს ვერც ერთხელ. ორჯერ ახსენეს სიტყვა - არაბიზაცია და ორივე სხვა საკითხთან მიმართებით. არც ერთხელ სიტყვა - არაბიზაცია, რაზეც კამპანია ჰქონდათ აგებული, არ უხსენებიათ ამ პროექტთან მიმართებით, რატომ - იმიტომ რომ ძალიან ნათელია, რომ არაფერ შუაშია EAGLE HILLS-ის პროექტთან არაბიზაცია, ძალიან მარტივად სტატისტიკა დაიდო, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება. ასეთ დროს, როდესაც მაინც ახერხებენ საუბარს არაბიზაციაზე ეს ხომ სამარცხვინოა, უკადრებელია, ეს არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას და პირველ რიგში, საკუთარ თავს, სამარცხვინოა. 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები და არაბიზაციაზე რომ საუბრობენ, ეს არის სრულიად სამარცხვინო მოვლენა. კაცურიც არ არის ეს ყველაფერი, არაფერი ახსნა არ აქვს, როცა ცრუპენტელობ საზოგადოების წინაშე,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითის“ ხელი ურევია ამ ყველაფერში, თუ არის უბრალოდ გაუგებრობა, ეს ძალიან მალე გაირკვევა.


„როდესაც კონკრეტული საშუალო რგოლის ბიუროკრატები მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, აქ, რა თქმა უნდა, ეჭვებს აქვს საფუძველი, თუმცა თუ ეს გაუგებრობაა, ამ შემთხვევაში, ვნახავთ, ძალიან მალე მოიხსნება და „დიფ სთეითის“ საკითხი გაიწევა გვერდით. ამ ყველაფერში „დიფ სთეითის“ ხელი ურევია, თუ არის უბრალოდ გაუგებრობა, ეს ძალიან მალე გაირკვევა. მარტივად გაირკვევა. 
ასევე, მე მინდა მოვუწოდო რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს, დაინტერესდნენ ამ ყველაფრით და, საბოლოო ჯამში, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესატყვისება თვითონ რუსეთის ინტერესებსაც,“- აღნიშნა პრემიერმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

 

„როდესაც საუბრობ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, ბუნებრივია, ვერ აერიდები რეგიონულ კონტექსტს, აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა, ეს ყოველთვის განიხილებოდა და ამ შემთხვევაშიც იქნა განხილული. ეს ყოველთვის იყო ორმხრივი ფორმატი. ჟენევის ფორმატი იყო სხვა ფორმატი, დღესაც ნარჩუნდება და იქ არიან ჩართული საერთაშორისო პარტნიორები, რაც შეეხება ჯერ აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ახლა ზურაბაშვილი-გალუზინის ფორმატს, ეს არის სრულიად სხვა ფორმატი, აქ არარელევანტურია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა.

 

დიპლომატიური ურთიერთობები პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ორმხრივად დამყარებული ოფიციალურად ასეთი ურთიერთობა. ორ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან საელჩოები და დიპლომატიური ურთიერთობები თავისი ყველა ატრიბუტით, თავისი შესაბამისი ტექნიკური, თუ არატექნიკური მხარით. ჩვენ არავითარი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. ერთი რამეც მინდა, გაგახსენოთ დიდ გულზე რომ არიან კონკრეტული ქვეყნები, კონკრეტული სახელმწიფოები, ორად ორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები, არ ვთვლი ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ზოგადად არ ამყარებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, იშვიათად ამყარებენ სხვა ქვეყნებთან, ორად ორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის საქართველო და უკრაინა, მეტი ქვეყანა არ არსებობს. ასეთ ფონზე დიდ გულზე არიან. მოლდოვას ხომ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რატომ არავინ ეუბნება მოლდოვას, რომ უნდა შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. დიდ გულზე არავინ არ უნდა იყოს საქართველოსთან. 500-ჯერ მაქვს ნათქვამი და 501-ედაც შემიძლია გავიმეორო, რომ ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც ამ ფონზე კიდევ ერთხელ იმეორებს  სამარცხვინო ტყუილს სააკაშვილი, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. 

„ეს „ისკანდერი“ დიდხანს ჰქონდათ გადამალული, როგორც მტკიცებულება და შემდეგ ძლივს ვიპოვეთ ჩვენ ეს მტკიცებულება, რომელიც წარვადგინეთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. ეს ძალიან დაგვეხმარა პროცესის მოგებაში. როდესაც ამ ფონზე კიდევ ერთხელ იმეორებს ამ სამარცხვინო ტყუილს სააკაშვილი, ეს ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.