"არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან" - პრემიერი

ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა.

 

„ზოგადად, ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია. ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ საერთაშორისო აქტს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და რუსეთის სამხედრო აგრესიის დასაგმობად. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ძალიან დამაჯერებლად განვაცხადოთ, რომ ჩვენი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა. და, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია ეფუძნება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს ომის პირობების გარემოცვაში ყოფნა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ქვეყანას რთულ მდგომარეობაში აყენებს.

„რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. მაგრამ ვიმეორებ, რომ, გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში.

 

„შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის მოახდენდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან სანქციებზე მიერთებას, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„ძალიან მარტივად შემიძლია აგიხსნათ ყველაფერი. საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება. ამავე დროს, სანქციების შემოღება კონფლიქტის ესკალაციის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მყარი საფუძველი, არ დაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. 

“საქართველო, ალბათ ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში. ასეთია სურათი, დღეის მდგომარეობით,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ Euronews-ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.