ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ მაიდნის გამეორება ჩვენს ქვეყანაში და არ დავუშვათ, რაც მთავარია, მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასე უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს, უნდათ დღემდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არც მაიდანი არ მოხდება საქართველოში და არ მოხდება უკრაინიზაცია.
„ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები საუბრობენ მაიდნის სცენარის განვითარებაზე, ეს საინტერესო ანალიზის საფუძველს იძლევა. არც მაიდანი არ მოხდება საქართველოში და არ მოხდება უკრაინიზაცია. ხედავთ, რა მოუტანა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას რევოლუციამ, მაიდანმა და შემდეგ ომმა, რომელიც მოყვა ამ პროცესებს. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ მაიდნის გამეორება ჩვენს ქვეყანაში და არ დავუშვათ, რაც მთავარია, მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასე უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს, უნდათ დღემდე“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, გამოძიება აბსოლუტურად რელევანტურია, დანარჩენს კი პროკურატურა, ხოლო საბოლოო ჯამში სასამართლო დაადგენს.
„ვფიქრობ, აბსოლუტურად რელევანტურია ეს გამოძიება, დანარჩენს თავად პროკურატურა დაადგენს და, საბოლოო ჯამში, სასამართლო დაადგენს. თუ გავცდებით სამართლებრივ შეფასებას და პოლიტიკურად შევხედავთ იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ნახავთ, რომ არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. რა თქმა უნდა, წარმატებას შესაბამისი ძალები ვერ აღწევენ, თუმცა მცდელობა არის უკვე დასჯადი. ზოგადად, ასევე თქვენ ხედავთ, რომ პირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით. აქაც არის აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა, ამ ყველაფერს სჭირდება, ბუნებრივია, გამოძიება. დანარჩენს დაადგენენ პროკურატურა და შემდეგ, საბოლოოდ სასამართლო,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო აგრძელებს განვითარებას ყველა მიმართულებით და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე.
„ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გაგრძელებაა ის, რასაც აწარმოებს ოპოზიცია მთელი ამ დროის განმავლობაში. ისინი აჩვენებენ საკუთარ სახეს, ქვეყნის დასჯა, ქვეყნის უკუსვლა - ეს არის მათი მიზანი და ინტერესი, თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში ხედავთ, რომ ვერაფრით დასაჯეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო. სახელმწიფო აგრძელებს განვითარებას ყველა მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ეკონომიკურ განვითარებაზე. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცხოვროს იმაზე უკეთესად, ვიდრე გვაქვს დღევანდელი მდგომარეობა. ეკონომიკა იზრდება, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით ჯერ კიდევ ვერ ვიქნებით კმაყოფილი. ჩვენ გვინდა, დავეწიოთ განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს, ამისათვის გვჭირდება შეუქცევადი და შეუფერხებელი განვითარება. არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, ხელოვნური დაბრკოლებები შეუქმნან ჩვენს ქვეყანას განვითარების გზაზე, თუმცა ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ევროპელმა ბიუროკრატებმა არ უნდა შეუშალონ ხელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებას.
„ეს არის აშშ-ის და ევროკავშირის საქმე. ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ და ჩვენი მისია ვერ იქნება ამ ურთიერთობებში ჩარევა. იმედია, რომ აშშ და ევროკავშირი ერთმანეთში გაერკვევიან. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა - ევროკავშირი მოკლებული იყო არსებითად სუვერენიტეტს, მთელი ამ წლების, განსაკუთრებით კი ბოლო წლების განმავლობაში და ვფიქრობ, ამის გაგრძელებაა ის პროცესები, რაც უკავშირდება ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობებს და ამ ყველაფრის გამოხატულება იყო ის უსამართლო განცხადებებიც, რომლებსაც ჩვენ ვხედავდით საქართველოს მიმართ. იქ, სადაც სუვერენიტეტი არ აქვს სათანადოდ ევროკავშირს უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ბევრია როგორც რეგრესული მოვლენა, ასევე უსამართლობა. მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამ ფონზე, მათ შორის, ამ 25%-იანი ტარიფების ფონზე, ევროკავშირი უფრო მეტად გადაერთვება საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე, და ნაკლებად ვიხილავთ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, ქართულ სახელმწიფოზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ევროპელმა ბიუროკრატებმა არ უნდა შეუშალონ ხელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტის კითხვას ევროსაბჭოს კონგრესის განცხადებაზე, რომელიც ხელისუფლებას მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს, პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოში ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას.
„ესეც უკრაინიზაციას გვაგონებს. უკრაინაში არ ტარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მანდატი უკვე ამოწურული აქვთ კონკრეტულ საჯარო ორგანოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერ დავუშვებთ. საქართველოში ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციას, კანონმდებლობას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მერები, საკრებულოები არის 4 წლის ვადით არჩეული და ბუნებრივია, 4 წლის თავზე სჭირდება ამ ვადას განახლება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარება წარიმართება რადიკალური ოპოზიციისთვის არასახარბიელოდ.
„გარდა ამისა ადრე, გახსოვთ, როგორ წარმოაჩენდნენ ისინი დასავლეთს, როგორც ასეთს, წარმოაჩენდნენ რაღაც იდეალურ მოვლენად, სადაც არაფერი ნეგატიური არ შეიძლება მოხდეს. დღეს უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. შესაბამისად, მათ მთავარ გზავნილს, რომ არსებობს რაღაც იდეალური დასავლეთი, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე უარყოფითი განზრახვა საქართველოს მიმართ, ძალიან დიდი საფრთხე შეექმნა და სწორედ ამის გამო არიდებენ, ბუნებრივია, ისინი თავს პასუხის გაცემას ასეთ უხერხულ კითხვებზე. რა თქმა უნდა, არსებობს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, არის იქ პოლიტიკური ინტერესები. ზოგადად, გლობალური პოლიტიკა არის ისეთივე რთული და მძიმე საქმე, როგორიც არის ლოკალური ქართული პოლიტიკა, იქ არის უამრავი სხვადასხვა ინტერესი. ამერიკა-ევროკავშირმა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ საკუთარი ინტერესები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. იმედს ვიქონიებთ, რომ ყველაფერი წარიმართება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მათ მთავარი მესიჯი ჩამოეშალათ, დანარჩენს შევხედოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ ინიცირებას და მიღებას მოჰყვა რევოლუციის მცდელობები, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ითხოვდა კანონპროექტის გაწვევას, საუბრობდნენ, რომ ამ კანონის მიღებით მტრად ვაცხადებდით აშშ-ს, თუმცა ყველაფერს ნათელი მოეფინა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ მოისმინა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები.
„გახსოვთ, რომ ორჯერ დავაინიცირეთ კანონპროექტი „გამჭვირვალობის შესახებ“. ერთხელ უკან მოხდა მისი გაწვევა, მეორედ მივიღეთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირებას მოჰყვა რევოლუციის მცდელობა და მაშინდელი გზავნილებიც გემახსოვრებათ, ანუ რატომ ვიღებდით ჩვენ ამ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ითხოვდა ამ კანონის გაწვევას და ა.შ. ასევე, კონკრეტული ადამიანები საუბრობდნენ იმაზე, რომ ამ კანონპროექტით ჩვენ მტრად ვაცხადებდით აშშ-ს და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველაფერს ნათელი მოეფინა, ყველაფერი გაირკვა, მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ ახალი ადმინისტრაციის გზავნილები. თურმე შესაძლებელი ყოფილა, რომ კონკრეტულ ადმინისტრაციას დასავლეთიდანაც ჰქონდეს მტრული განზრახვები ჩვენი ქვეყნის მიმართ. სწორედ, ამიტომ ვამბობთ ერთ რამეს, მთავარი არის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა. მთავარია გამჭვირვალობა, ხალხისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს ნებისმიერი ცენტი, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, იმისათვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს ბოლომდე დაცული. გაირკვა, რომ თურმე, დიახაც, ყოფილ ადმინისტრაციას შეიძლებოდა ჰქონოდა მტრული განზრახვები ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ის ფაქტები, რომლებიც ზიარდება ბოლო დროის განმავლობაში, მათ შორის, ამერიკელების მხრიდან, რაც უკავშირდება საქართველოში კონკრეტული ინიციატივების დაფინანსებას, ცხადჰყოფს, რომ კონკრეტული, მტრული განზრახვები ყოფილა სახეზე. ჩვენთვის მთავარია, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, დაცული იყოს ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და, სწორედ, ამას ემსახურებოდა თავის დროზე „გამჭვირვალობის კანონის“ ინიცირება, შემდეგ კი ამ კანონის მიღება. ჩვენ, მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობისა და უსამართლო თავდასხმებისა, მოვახერხეთ ამ კანონის მიღება და საჭიროა მისი სათანადო აღსრულება, რათა ჩვენი უსაფრთხოება იყოს მომავალშიც დაცული,“- განაცხადა პრემიერმა.