"გვაქვს ამბიციური მიზანი, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით" - პრემიერი

მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამიტში მონაწილეობა, რომელიც დუბაიში იმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.
 

პრემიერის თქმით, ეს სამიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველომ ბევრ ქვეყანას გააგონოს თავისი გზავნილები.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სამიტში მონაწილეობა. რომელიც დუბაიში იმართება. სხვადასხვა მიზეზის გამოა ჩვენთვის საინტერესო დღეს აქ ყოფნა. მათ შორის, იმის გამოც, რომ გვაქვს არაჩვეულებრივი ორმხრივი ურთიერთობები, არაჩვეულებრივი პოლიტიკური თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან. ასევე ეკონომიკური კავშირები. იცით, რომ უპრეცედენტო საინვესტიციო შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი ცოტა ხნის წინ, რაც ითვალისწინებს 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში. ამ ყველაფერთან ერთად, ეს სამიტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ბევრ ქვეყანას გავაგონოთ ჩვენი გზავნილები.

 

მქონდა გამოსვლა სამიტზე, სადაც ვისაუბრე საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე. გარდა ამისა, ეს სამიტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავმართოთ ორმხრივი შეხვედრებიც. ჩვენ დღეს გვქონდა საინტერესო ორმხრივი შეხვედრა ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, შეხვედრებს შორის გვქონდა საუბრები არაფორმალურ ფორმატში. სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ორგანიზაციების და ქვეყნების წარმომადგენლებთან. ბუნებრივია, ასეთ ფორმატებს აქტიურად ვიყენებთ ხოლმე იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ ჩვენი ქვეყნის კავშირები და წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი კონკრეტული რამ გაკეთდა ქვეყანაში, რათა კორუფციის დონე შემცირებულიყო. 

 

„მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს მოწინავე პოზიცია, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კვლევაც არ ასახავს სათანადოდ იმ პროგრესს, რომელიც მათ შორის ბოლო ერთ წლის განმავლობაში განიცადა ჩვენმა ქვეყანამ კორუფციის შემცირების თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე და ძალიან ბევრი კონკრეტული რამ გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაშიც იმისათვის, რომ ჩვენთან კორუფციის დონე შემცირებულიყო. გარდა ამისა, მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ გვაქვს ამბიციური მიზანი ამ მიმართულებით. ჩვენ გვინდა, საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის დამოკიდებული სწორ პოლიტიკაზე. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით. მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. არც ერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე ვურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ მიბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, გამჭვირვალე და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შემცირდება კორუფციის დონე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული საკითხი ჩვენი ქვეყნისა და მთავრობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.