პროტესტის 88-ე დღე - მოქალაქეების ნაწილი ისევ საზმაუსთან შეიკრიბა

პროტესტის 88-ე დღე - ევროპული მომავლის მცველების ნაწილი საზოგადობრივ მაუწყებელთან შეიკრიბნენ. პირველ არხთან ის ადამიანებიც მივიდნენ, ვინც ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიები საკუთარ თავზე გამოსცადა. მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია: უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები.

ადგილზე იმყოფება მომღერალი ნინო ქათამაძეც, რომელიც შიშობს, რომ პროტესტის გარეშე, შესაძლოა, აღარ დარჩეს მექანიზმი, რომელიც ამ უსამართლობას და აგრესიას შეაჩერებს. 

თავიდან ბოლომდე პროცესი უსამართლოა. არც მართალ სიტყვას აქვს ძალა იმ სასამართლოში, სადაც მოხვდები, არც ნამდვილ, გულისამაჩუყებელ ტკივილიან ისტორიებს და არაფერს... ასე რომ, რაც არ უნდა პატარ-პატარა ისტორიებზე ვილაპარაკოთ, ჩვენ მართლა დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ - ეს არის ქვეყნის მასშტაბით უსამართლო სასამართლოების პრობლემა, უსამართლო კანონების პრობლემა. ძალიან დიდი საფრთხეა ის, რომ შეიძლება ცოტა ხანში აღარ დარჩეს მექანიზმი, რომელიც ამ დიდ აგრესიულ ტალღას შეაჩერებს, - ამბობს ნინო ქათამაძე. 

საზმაუსთან შეკრებილები თანხმდებიან, რომ ახლა აუცილებელია პროტესტის გაგრძელება, რადგან ამ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ეს არის. ცოტა ხანში აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ.