პარლამენტში 14 კანონპროექტი დაინიცირდა, რომელთა ამოქმედების შემდეგ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობოთა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის სახით 14 კანონპროექტის ინიცირება მოხდა, რომელთა ამოქმედების შემდეგ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება.

ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს წევრობის, ასევე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის კანდიდატები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან აღარ შეირჩევიან.

ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოსთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღარ იქნებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ცვლილება ყველა იმ კანონში აისახება, რომელთა გათვალისწინებითაც, საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო იყო.