რეალურად ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს, თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ირღვეოდა იმით, რომ ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევა ქართულ არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ბრალს აყენებენ კონკრეტული ადამიანები, ამას სჭირდება მტკიცებულებების მიტანა.
„ვნახოთ, რას მიიტანენ. რეალურად ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს. თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ირღვეოდა იმით, რომ ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევა ქართულ არჩევნებში. დანარჩენი არის ყველაფერი ცარიელი სპეკულაციები და ამაში დარწმუნდება ყველა, როდესაც ვერავითარ მტკიცებულებას ვერ მიიტანენ შესაბამისი ადამიანები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას რუსეთისთვის სანქციების არდაწესების თაობაზე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას.
„ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის სამი წლის წინანდელი განცხადება, ეს იყო, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც გაახმოვანა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, საქართველო ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც დაიწყო უკრაინაში და ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის, პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არდაწესებას, ეს ნიშნავდა ერთი მხრივ ესკალაციას, რაც უნდოდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, მეორე მხრივ, ეს ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ჩვენ ვერ გადავდგამდით და მაშინ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ სასამართლოს.
„ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ სასამართლოს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ როდესაც სტრასბურგში მიდის ხოლმე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასამოწმებლად, ყოველ ჯერზე დგინდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არის სამართლიანი. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე აკეთონ პოლიტიკური კომენტარები ასეთ საქმეებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რატომ დაუჭირა მხარი საქართველომ აშშ-ის მიერ გაეროში წარდგენილი რეზოლუციას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც მომზადებულია „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
„ჩვენ შევუერთდით აშშ-ის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც არის ასევე მხარდამჭერი უკრაინის მიმართ. ჩვენ მხარი დავუჭირეთ კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც არის მომზადებული „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედი გვაქვს, ეს გეგმა იქნება წარმატებული ძალიან მალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუერთდეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მომართული და არა ომის გახანგრძლივებისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაქცევთ ყურადღებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვგმობთ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ელჩს არც ერთხელ დაუგმია ის ძალადობრივი მიტინგები, რომლებიც იმართებოდა საქართველოში.
„აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში აღარ არის წარმატებული. ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის. ქართულმა საზოგადოებამ იცის ის, თუ რამდენად „მშვიდობიანი“ იყო მიტინგები, რომლებიც იმართებოდა საქართველოში ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ მთლიანობაში როგორი რეაგირება ჰქონდა ამ ყველაფერზე ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ მოვახერხეთ და აღვკვეთეთ ის ძალადობა, რომელსაც ჰქონდა შორსმიმავალი გეგმები და მთავარი მიზანი იყო ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, რაც, ბუნებრივია, ქართულმა სახელმწიფომ არ დაუშვა. როდესაც ევროკავშირს წარმოადგენ კონკრეტულ ქვეყანაში, თან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში, უნდა იზრუნო ევროკავშირისა და შესაბამისი ქვეყნის დაახლოებაზე. როდესაც ამის საპირისპირო ნაბიჯებს დგამ, ეს არის კონტრპროდუქტიული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. პირადად მე შემიძლია პატივისცემა გამოვხატო ბატონი ჰერჩინსკის მიმართ, თუმცა ის პირდაპირ მოქმედებს Deep State-ის დავალებების ქვეშ. აქედან გამომდინარე, მისი მდგომარეობა არ არის იოლი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბატონმა ჰერჩინსკიმ პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მაქსიმალური მობილიზებისკენ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისკენ.
„შეგიძლიათ ციტატა ამოიღოთ, მან რამდენიმე დღით ადრე თქვა ასეთი რაღაც, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში იყო შეჩერებული საქართველოს ევროინტეგრაცია, მერე შემოატრიალა და თქვა, რომ თითქოს ჩვენ შევაჩერეთ ეს ევროინტეგრაცია. მან თქვა პირდაპირ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში იყო შეჩერებული ევროინტეგრაცია და იმისათვის, რომ პროცესები სხვანაირად წარმართულიყო, საჭირო იყო ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება. ეს იყო პირდაპირი მოწოდება იმისკენ, რომ გამოსულიყვნენ ამომრჩევლები და ხმა მიეცათ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ და რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ. ეს იყო საარჩევნო მოწოდება. მოგვიანებით, ბატონმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს კი არ შეუჩერებია თურმე მანამდე ევროინტეგრაცია, არამედ შეუჩერებია „ქართულ ოცნებას“. თვითონვე აიხლართა საკუთარ ტყუილებში და ეს ტყუილები ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, ის იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია ევროკავშირის ელჩის ნებისმიერი განცხადება, რომელიც ემსახურება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. არაფრის ფასად არ სურს ქართულ საზოგადოებას, ხელისუფლებაში დააბრუნოს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. კაცი გამოდის და თვალში ნაცარს აყრის ქართულ საზოგადოებას. ამბობს, რომ იყო მშვიდობიანი მიტინგები. ეს ხომ სირცხვილია? რომელი იყო მშვიდობიანი? 5 დღე ომის იმიტაცია რომ ჰქონდათ და თვითონვე რომ ამბობდნენ ეს მოძალადე მომიტინგეები, რომ ეს არის მშვიდობაო? თვითონვე ამბობდნენ ამას. სად იყო მშვიდობიანი მიტინგები, სირცხვილია. მშვიდობიან მიტინგებს რომ უწოდებთ იმას, რა ხდებოდა თბილისში 28 ნოემბრიდან, ეს არის „ნაცური“ უტიფრობა. მხოლოდ „ნაცმა“ შეიძლება იკადროს ასეთი ტყუილი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.