კოორდინაცია არის აუცილებელი და ამისკენ მოვუწოდებ მოხალისეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს ამ ადამიანების გამოსაყვანად.
„ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინაცია. იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს იმისათვის, რომ მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ლოკაციებიდან. კოორდინაცია არის აუცილებელი და აქეთკენ მოვუწოდებ შესაბამის ადამიანებს, მოხალისეებს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, გუშინდელმა თოვამ კიდევ უფრო მეტად გაართულა მდგომარეობა და სწორედ ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის თაობაზე.
„განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, რომელიც არის საკმაოდ რთული. გუშინდელმა თოვამ გაართულა კიდევ უფრო მეტად ვითარება, შესაბამისად, დღეს უკვე აუცილებელი გახდა საქმეში ჯარის, თავდაცვის ძალების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას. მდგომარეობა არის რთული, სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს, ვერ მყარდება კომუნიკაცია სოფლების მნიშვნელოვან ნაწილთან და ამ კუთხით არის ძალიან ბევრი სამუშაო. ტექნიკა იქნება მობილიზებული, რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა. ასევე დაგვჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ისე სურსათისა და შეშის ნაწილში გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით. მთლიანობაში, გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამუშაოებში ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა.
„საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, შესაბამისად, რაც კი რესურსის მოძიება შეიძლებოდა, ყველაფერი არის სრულად მობილიზებული. ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური, ჩართულია ჯარის ტექნიკა. ტექნიკა არის სრულად მობილიზებული იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, გუშინდელმა თოვამ გაართულა ვითარება.
„გამომდინარე მდგომარეობიდან, ჩვენ ვრეაგირებთ სათანადოდ, ბუნებრივია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სადაც რა რესურსიც იქნება საჭირო, სრული რესურსი იქნება მობილიზებული“, - განაცხადა პრემიერმა.