ბუნებაში არ არსებობს არავითარი ფაქტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პროკურატურა მთელი ამ დროის განმავლობაში ითხოვს ფაქტებს, ითხოვს მტკიცებულებებს, თუმცა ნული ფაქტი, ნული მტკიცებულება, ეს ყველაფერზე მეტყველებს.
„დანარჩენი არის სპეკულაციები და სპეკულაციებისთვის ყოველთვის რჩება სივრცე, რადგან ამას არ სჭირდება კონკრეტული მიზეზი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ რეალურად ყველა ხედავს იმას, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს გაყალბებაზე საუბრისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის აღიარებული პრობლემა, მათ შორის, ეს პრობლემა არის დაფიქისრებული ეუთო/ოდირის დასკვნებში, ამას სჭირდება რეგულირება, თუმცა ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები, თვითონ ოპოზიცია უპირისპირდება ამას იმიტომ, რომ მათ აწყობთ სიცრუის და სიძულვილის ტირაჟირება, რაც ხდება შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან.
„ეს არ შეესატყვისება ქართული საზოგადოების ინტერესებს. ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ მან მიიღოს ობიექტური ინფორმაცია მოვლენებთან დაკავშირებით და ქართული საზოგადოების ინტერესებშია, რომ სიძულვილისგან და სიცრუისგან იყოს დაცლილი ზოგადად მედია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე უპირისპირდება ამ კანონპროექტს, მას მოსწონს სიძულვილი და სიცრუე, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, პირველად ვარიანტად „ფარას“ ზუსტი ანალოგის ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას.
„ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად „ფარას“ ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ეს არის, ბუნებრივია, პარლამენტის საქმე,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესებში, როდესაც საზოგადოებას მოუწოდებდა აქტიურობისკენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, ამიტომ ეს ყველაფერი ნაკლებად არის საინტერესო.
„საქართველოში ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესებში, როდესაც საზოგადოებას მოუწოდებდა აქტიურობისკენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევძელით არჩევნების მოგება. შეუძლია ევროკავშირის ელჩს გააგრძელოს საარჩევნო კამპანია, პოლიტიკური კამპანია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება წინ, თუმცა როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაშიც ევროკავშირის ელჩის პრო-ნაცმოძრაობრივი განცხადებები ვერავითარ გავლენას ვერ მოხდენს არჩევნების შედეგებზე,“- აღნიშნა პრემიერმა.
უნდა იყოს გამოძიებული, თუ რატომ მოქმედებდა 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა და რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა, კითხვები უნდა დაისვას და გამოძიებაც სჭირდება ამ ყველაფერს.
„კითხვები ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენც გვქონდა. მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე, თუ რატომ არ მოხდა მაგალითად იგივე წყლის ჭავლის, გაზის გამოყენება, როდესაც შეიძლებოდა ბევრად უფრო რბილი ფორმით რეაგირება იმ ანტისახელმწიფოებრივ შტურმზე, რომელიც განხორციელდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მაშინ პარლამენტის შენობის მიმართ. საინტერესოა ეს ყველაფერი და ამას სჭირდება გამოძიება. უნდა იყოს გამოძიებული, თუ რატომ მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იმ ფორმით, რა ფორმითაც მოქმედებდა და რამაც გამოიწვია მძიმე შედეგები კონკრეტული ადამიანებისთვის. ეს იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა, კითხვები უნდა დაისვას და გამოძიებაც სჭირდება ამ ყველაფერს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.