საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით ღამის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.
შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ გეგმის შესაბამისად რეგიონში მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა, რათა სოფლებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზების გაწმენდა რაც შეიძლება მოკლე ვადებში დასრულდეს.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები აქტიურად იწმინდება, ინტენსიური სამუშაოების შედეგად მოძრაობა აღდგენილია საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის მიმართულებაზე, ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია სოფლებიდან ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების წმენდის კუთხით.
სხდომაზე აღინიშნა, რომ გზების გაწმენდა შესაბამის სამსახურებს პრობლემურ წერტილებში ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოების დაწყების საშუალებას მისცემს. გუშინდელი მონაცემებით, ელექტროენერგია რეგიონის დაახლოებით 10 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ნაწილობრივ აღდგა ძიმითსა და ჯუმათში. ინტენსიური მუშაობა გრძელდება ნასაკირალში, ვაკიჯვარსა და ლიხაურში, სადაც ელექტრომომარაგების აღდგენას კომპანიის წარმომადგენლები დღის ბოლომდე ვარაუდობენ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრიორიტეტულია მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგებისა და კომუნალური სერვისების მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა და შტაბის წევრებს კონკრეტული მითითებები მისცა.
შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში უახლოეს საათებში შემოვა პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები, რომლებიც მოსახლეობას მიეწოდება.
საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას სასწრაფო დახმარების ბრიგადები. 25-26 თებერვალს გურიის რეგიონში - ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, სასწრაფო დახმარების ექიმები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია.
სოფლის ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზე მიეწოდებათ მედიკამენტები.
მოსახლეობის დახმარების პროცესში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თავდაცვის ძალები და სასწრაფო დახმარების 200-ზე მეტი ბრიგადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ორშაბათის მდგომარეობით ელექტროენერგია 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა, ახლა კი ეს რიცხვი 10 000-მდეა შემცირებული, თუმცა გრძელდება ინტენსიური სამუშაოები ამ მიმართულებით.
მისივე განცხადებით, მოსახლეობის უზრუნველყოფა სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით აქტიურად მიმდინარეობს და შეუფერხებლად მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
„კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გუშინდელი დღიდან შეიზღუდა კომუნიკაცია და იქ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურ ყურადღებას გავამახვილებთ. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ასევე, ელექტროენერგიის აღდგენა. ორშაბათისთვის, დაახლოებით, 35 000 აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ეს რაოდენობა შემცირებულია, დაახლოებით, 10 000-მდე. ინტენსიურად წარიმართება აღდგენის სამუშაოები, მთავარია, რომ გაგრძელდეს, ვინაიდან, 10 000-მდე აბონენტია, ვისაც დღემდე არ აქვს დღეს ელექტროენერგია და ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. ამაზეც გვქონდა საუბარი დღევანდელ შეკრებაზე. სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. დაახლოებით, 10 000 ერთეული პაკეტი ჩამოვა გურიაში, იქნება მოსახლეობა უზრუნველყოფილი სურსათითა და აუცილებელი მედიკამენტებით. სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობს, გამოძახებებზე რეაგირებენ შეფერხებების გარეშე. ყველა მიმართულებით არის მობილიზებული შტაბი და მთავარია, გაგრძელდეს ინტენსიური სამუშაოები,“- განაცხადა პრემიერმა.