თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე დღეს მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.
საქმეს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილავს. დღესვე გაირკვევა, დატოვებს თუ არა მოსამართლე რეჟიმის 11 ტყვეს პატიმრობაში.
ჩვენ არ მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ჩვენ ვითხოვთ მის გაუქმებას. თუმცა, სავარაუდოდ, ალტერნატივის სახით, არა კონკრეტული რაოდენობის, მაგრამ მაინც სასამართლოს დავუტოვებთ გირაოს ნაწილში ლავირების საშუალებას.
ამასთან, გვინდოდა, რომ სასამართლოს სცოდნოდა, გუშინ გავაგზავნეთ ჩვენ და გასაჩივრებულია სტრასბურგში პირველი ორი აღკვეთის ღონისძიება, უკანონო გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღეს სასამართლოში. იმედი მაქვს, სასამართლო ამ საფუძვლით მაინც შიშის ფაქტორი იქნება, რათა დღეს მაინც მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კანონთან მინიმუმ დაახლოებული იქნება“ - [IPN] განაცხადა სხდომის დაწყებამდე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა.
შეგახსენებთ, რეჟიმის ტყვეები ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აქციების მიმდინარეობისას დააკავეს. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. 11-ვე პირს რეჟიმის პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.