მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი 18 მარტს გამოცხადდება

ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე განაჩენი 18 მარტს გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატები ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის არა პოლიციელის შეურაცხყოფის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკვრის გამო დააკავეს და ამას ადასტურებს ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორც ამაღლობელის ქმედება, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ნათქვამი, რომ ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევისთვისაა დაკავებული.
ადვოკატები აცხადებენ, რომ 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არაა. სწორედ ამიტომ ჩაიწერა ოქმში 173-ე მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შეიქმნა. ადვოკატები ხაზს უსვამენ, რომ მზია ამაღლობელს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც წინააღმდეგობა გაუწევია და ეს დასტურდება ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოებითაც.