სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელი 2 ათასი ლარით დააჯარიმა

ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს, 18 მარტს, გამოაცხადა.

ჟურნალისტის ადვოკატები ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის არა პოლიციელის შეურაცხყოფის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკვრის გამო დააკავეს. რაც ასევე ასახულია დაკავებისას გადაღებულ ვიდეოში.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის სამართლიანობის ფონდმა დღეს გამოაცხადა, რომ TrialWatch, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, აპირებს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს.

როგორც ფონდის ვებგვერდზეა აღნიშნული, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ TrialWatch მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შეაფასებს საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად. მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურნენ უცხოელი პოლიტიკოსები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს.