სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ მისი ხელმოწერით, ევროპელ ლიდერებთან ერთობლივი წერილი გაიგზავნა.
პრეზიდენტის ცნობით, წერილში საუბარია, რომ საქართველოში არსებულ საკითხს მეტი ყურადღება დაეთმოს და ის არ იყოს განხილული, როგორც ცალკე მდგომი ქვეყანა, რომელშიც "შიდა პოლიტიკური კრიზისია".
"კოორდინაციის ფარგლებში, დღეს გადაიგზავნა ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპულ ლიდერთან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგი მოიცავს ძირითადად უკრაინას, თავდაცვის ახალ პროექტებს და მათ დაფინანსებას, სადაც არ წერია საქართველო, როგორც ერთ-ერთი თემა და სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა. არ შეიძლება, რომ არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, თუ რა ხდება საქართველოში", - თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, წერილში ასევე მოთხოვნილია, რომ ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე დღის წესრიგში საქარველოს საკითხი ჩაიწეროს.
მანამდე პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" ნაბიჯებზე ისაუბრა და თქვა, რომ საჭიროა, პარტნიორების მხრიდან ამაზე მეტი რეაგირება იყოს.
ის გამოეხმაურა ფონდების დაყადაღებასაც.
"ის, რაც ახლა ხდება, ეს არის, პრაქტიკულად, გამოცხადებული ომი საზოგადოების წინააღმდეგ... ყველაზე ახალი და საგანგაშო შეიძლება იყოს ფონდების დაყადაღება, ეს არის ომი სოლიდარობაზე", - თქვა მან.