ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა ყველა მიმართულებით და საბოლოო ჯამში ამან მოიტანა ის, რომ მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ოთხი ხელშესახები შედეგი ჰქონდა – ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი.
„ოთხივეზე იყო წინააღმდეგობა, თუმცა ოთხივე შემთხვევაში მივაღწიეთ შედეგს. განსაკუთრებით მძიმე იყო წინააღმდეგობა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. აქაც რეალურად ბრძოლით და კარგად გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი თავიდანვე იყო მოაზრებული, როგორც ინსტრუმენტი ქვეყანაზე ზეწოლისთვის. როდესაც ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, ეს იყო ომიდან მეხუთე დღე, 28 თებერვალი ან 1 მარტი, როდესაც უკრაინას შესთავაზეს განაცხადის შეტანა კანდიდატის სტატუსზე. ეს გაგვიკვირდა ერთი მარტივი მიზეზის გამო – ამ დროს რუსული ტანკები შესული იყო უკვე კიევში. მაშინ ყველაზე რთული ვითარება იყო და ასეთ დროს კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანის შეთავაზება უკრაინისთვის აბსოლუტურად ალოგიკური იყო ჩვენთვის. მაშინვე გაგვიჩნდა აზრი, რომ რეალურად კანდიდატის სტატუსის თემა მოაზრებული იყო, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევიტანდით განაცხადს კანდიდატის სტატუსზე, თუმცა საბოლოო ჯამში მოხდებოდა ისე, რომ უკრაინა და მოლდოვა მიიღებდნენ კანდიდატის სტატუსს და ჩვენ – არა. ეს იყო ჩვენი პროგნოზი, რაც მეორე დღესვე გავუზიარეთ უმრავლესობის წევრებს“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძისდ თქმით, უმრავლესობასთან შეხვედრისას გაიმართა დისკუსია და ორი დღის განმავლობაში საქართველოს არ შეჰქონდა განაცხადი, თუმცა მესამე დღეს გაკეთდა საჯარო განცხადება კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით და მაშინვე დაიწყო აქტიური მუშაობა.
„მოვამზადეთ დაახლოებით 5000-გვერდიანი დოკუმენტი, მთელი საჯარო სამსახური და პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული ამ პროცესში და ყველაზე დახვეწილი განაცხადი წარვადგინეთ ევროკავშირში, თუმცა შედეგად მივიღეთ რა – უარი ივნისში კანდიდატის სტატუსზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მაშინ, როდესაც საქართველო ბევრად უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას ყველა მიმართულებით. არ შევედაროთ უკრაინას, ომში მყოფი ქვეყანაა, შევედაროთ მოლდოვას. ეკონომიკური კუთხით, მარტო ამ სამ წელიწადში, მოლდოვას გავასწარით დაახლოებით ცხრა მილიარდი დოლარით, გავზარდეთ სხვაობა მოლდოვასთან იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს უფრო ეფექტიანი, სწორი და რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა. მოლდოვაში ეკონომიკური პოლიტიკა არის უსუსტესი, ინსტიტუტები არის უსუსტესი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით შედარება არ არის საქართველოსთან, იმდენად არის ჩამორჩენილი, დსთ-ს წევრი ქვეყანაა. არის ქვეყანა, რომელსაც უნდა, ერთდროულად დარჩეს დსთ-ს წევრადაც და გახდეს ევროკავშირის წევრიც. რაზეა აქ საერთოდ საუბარი, ხელის გულზე დევს, რომ იყო აშკარა უსამართლობა. კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპის მასშტაბით და ასეთ დროს მოლდოვას აძლევ კანდიდატის სტატუსს და საქართველოს არა, გასაგებია, რაც შეიძლება იდგეს ამის უკან. უსამართლობას ყოველთვის აქვს ხოლმე გარკვეული მიზეზი და ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა – რეალობა იყო ის, რაც ჩვენ გავთვალეთ თავიდანვე. რეალურად არავის აინტერესებდა სხვათა შორის არც უკრაინის, არც მოლდოვის და არც საქართველოს ევროინტეგრაცია, ეს ყველაფერი დიფ სთეითის, გლობალური ომის პარტიის მხრიდან გაკეთდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის თემა გამოეყენებინათ შანტაჟისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, არის ხალხი.
„დიფ სთეითი“ დასუსტდა აშშ-ში და შესაბამისად, ცდილობს, უფრო მეტად გამოიყენოს თავისი რესურსები ევროკავშირში. აშშ-სა და ევროკავშირში „დიფ სთეითი“ იყო ერთნაირად ძლიერად წარმოდგენილი, იქ დასუსტდა და შესაბამისად, ცდილობს, უფრო გაამძაფროს შეტევა ევროპული სტრუქტურების და ევროპული ბიუროკრატიის მეშვეობით. ეს არის რეალობა და ამას უკავშირდება ევროკავშირის წარმომადგენლების, ბიუროკრატების, ჩინოვნიკების გაძლიერებული თავდასხმები. განსაკუთრებით ეს ეხება კონკრეტულ ქვეყნებს, სადაც პრაქტიკულად სუვერენიტეტი აქვს დაკარგული სახელმწიფოს, ეს არის განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები, სადაც პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება ხელისუფლებები. მათი მხრიდან კიდევ უფრო მძაფრია ეს თავდასხმები, რაც ძალიან სამწუხაროა. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას, ეს არის ხალხი. ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.