თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქცია იმართება - ჭიათურაში უშედეგო აქციების შემდეგ მაღაროელები დედაქალაქში ჩამოვიდნენ. ასობით ადამიანი ხელისუფლებამდე საკუთარი მოთხოვნების მიტანას ცდილობს, მათ შორის მთავარი გაჩერებული მაღაროების ამუშავებაა.
მათი მოთხოვნებია:
დაფაროს კომპანიამ სახელფასო დავალიანება;
მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია და მოხდეს მაღაროების ნაციონალიზაცია;
შეიქმნას ჭიათურის ფონდი;
მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია;
ეკოლოგიური საკითხების მოგვარება;
უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება.
მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. 7 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ამ საქმიანობით ამ მუნიციპალიტეტში მუშაობას აღარ გააგრძელებდა, რადგან, მათი თქმით, წამგებიანი იყო.