შეიქმნას პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგობის პლატფორმა - ზურაბიშვილის ინიციატივა

სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა პროევროპული პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით.  ამის შესახებ მან 31 მარტს, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ პლატფორმის მთავარი პრინციპი ისაა, რომ იგი ღია ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან პოლიტიკური შეუთავსებლობის მიუხედავად იმუშაონ ორი მიზნის მისაღწევად:

  1. დაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები
  2. გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები

“მიზნის მისაღწევად საჭიროა, ამ ბრძოლას ქუჩის პროტესტთან ერთად და მასთან შეჯერებით, მიეცეს პოლიტიკური ფორმატიც. ამიტომ შევთავაზე და დღეს თქვენს წინაშე საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით – „წინააღმდეგობის პლატფორმა“. ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ანუ უფრო ეფექტურად, ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს და მის ქმედებებს. წინააღმდეგობა გაუწიოს და წინ აღუდგეს რეჟიმის მცდელობას გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი. პლატფორმა მოამზადებს შეთანხმებულ პოლიტიკურ პოზიციებს გასატანად ქვეყნის შიგნით და გარეთ: კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი სტრატეგია მიღწეული იყოს”, – განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ დასაწესებელ პირობებზე და ხმების ერთიანად და ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე.

“მმართველმა პარტიამ ვერ უნდა შეძლოს და გაატაროს თავისი მორიგი სცენარი, მოულოდნელად დანიშნოს არჩევნები უცვლელი მოცემულობით და გაყალბების შესაძლებლობაც ამით შეინარჩუნოს. ჩვენი პასუხისმგებლობაა დროულად მოვემზადოთ და საზოგადოებასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად დაუყოვნებლივ შევუდგეთ, დამკვირვებლების მასობრივ გადამზადებას, რათა ერთიანად და ეფექტურად დავიცვათ წინააღმდეგობის ხმები. პარტიული საქმიანობა ამ შემთხვევაში უნდა ექვემდებარებოდეს საერთო ინტერესებსა და წინააღმდეგობის გამარჯვების მიზანს! საერთაშორისო ასპარეზზეც აუცილებელია მეტი კოორდინაცია, ამიტომ ვგეგმავთ ერთიანი კალენდრის შექმნას, კოორდინირებულ ვიზიტებსა თუ გზავნილებს, თუნდაც ერთიან სტრატეგიას, რომელიც პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას და მათთვის დიპლომატიური ნაბიჯების შეთავაზებას მოიცავს. პარტიები, რომლებიც თანხმდებიან წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილეობაზე, აღიარებენ ,,ქართულ ქარტიას“, როგორც ერთობლივ პრინციპებს და მხარს უჭერენ მას, როგორც სამომავლო პროგრამას, რომლის მეშვეობით საქართველოს დროულად დავაბრუნებთ დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.