„ქართული ოცნება“ ერთპარტიულ პარლამენტში „მინისტრის საათს“ აუქმებს. ეს ერთ-ერთი ცვლილებაა პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც პარტიის წევრებმა „პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების“ გამოსწორების მიზნით დააინიციირეს.
„უქმდება მინისტრის საათი, რომელიც არ არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საზედამხედველო ინსტრუმენტი და რომელიც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო“, - წერენ კანონპროექტის განმარტებით ბარათში „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
რას ნიშნავს „მინისტრის საათი“?
„მინისტრის საათი“ წელიწადში ერთხელ პარლამენტის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების განხილვაა - ეს პროცესი იწყებოდა მინისტრის სიტყვით გამოსვლით. დეპუტატებს შეეძლოთ მინისტრისთვის ეცნობებინათ ის საკითხები, რომლებზეც მოხსენების განმავლობაში ისურვებდნენ ყურადღების გამახვილებას. მოხსენებას მოსდევდა დეპუტატების დამაზუსტებელი კითხვა-პასუხი, რის შემდეგაც იმართებოდა დებატები.
როდიდან არსებობს „მინისტრის საათი“?
„მინისტრის საათი“ „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა პარლამენტის ახალ რეგლამენტში, რომელიც 2018 წელს მიიღეს. მაშინ განმარტებით ბარათში ეწერა, რომ ეს გააძლიერებდა საპარლამენტო ზედამხედველობას, კონტროლსა და ანგარიშვალდებულებას.
რა მოხდება ახლა?
როგორც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, „მინისტრის საათი“ „თავის დანიშნულებას კარგავს“, რადგან ზრდიან ინტერპელაციების რაოდენობას.
რა არის ინტერპელაცია?
ინტერპელაციის გზით დეპუტატს შეუძლია მინისტრს გაუგზავნოს კითხვები, რომელზე პასუხის მიღებაც სურს. დეპუტატი იღებს წერილობით პასუხს და უსმენს მინისტრს, თუმცა მას არ შეუძლია სხვა საკითხების წამოჭრა.