თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატები, რომელთა სახეს დღეს რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს, საქართველოში დამარცხდნენ და ამას ვერ ეგუებიან.
ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
„იმ ბიუროკრატების სახეს, რომლებიც დღეს ემუქრებიან საქართველოს, ემუქრებიან საქართველოს მთავრობას, მათ ანარეკლს და რეალურ სახეს წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია, ის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, რამდენიმე ათეული. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ დამარცხდნენ. ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არავის მისცემს საშუალებას, საქართველოს ინტერესები გამოიყენოს.
ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვინახავს და ძალიან მწარედ გვახსოვს 2008 წელი, როდესაც საქართველოს ინტერესების გამოყენება მოხდა - დავკარგეთ ტერიტორიები, სოფლები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი ჯარისკაცები. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინაში მოხდა. უმძიმესია ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.