რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი, ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა - პრემიერი

თეა წულუკიანი არის საგამოძიებო კომისიის ძალიან კარგი თავმჯდომარე, სწორად მიჰყავს კომისიის მუშაობა და ამით არიან გაღიზიანებული ის ძალები, რომლებიც წარსულში სჩადიოდნენ  დანაშაულს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, გუშინ თეა წულუკიანის სახლთან განვითარებული მოვლენები არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება და ასეთი პროცესები აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის სრულიად სასოწარკვეთილი.

„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება და ასეთი პროცესები აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის სრულიად სასოწარკვეთილი. სხვანაირად ასეთი არაეფექტური და თან ფაშისტური ქმედებების განხორციელება არ აიხსნება. ასეთი ქმედებები არის განწირული წარუმატებლობისთვის. გაგრძელდება ყველა ის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებასთან, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე, კომისიის საქმიანობაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელმაც უნდა განამტკიცოს საქართველოში დემოკრატიული სისტემა. აქ თეა წულუკიანის როლი არის საკვანძო, ის არის ძალიან კარგი თავმჯდომარე ამ კომისიის, ძალიან სწორად მიჰყავს კომისიის მუშაობა და ამით არიან გაღიზიანებული ის ძალები, რომლებიც წარსულში სჩადიოდნენ  დანაშაულს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი, მათი მეთოდები არის ფაშისტური და ამ ყველაფრის გამოვლინება იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა. 

მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც შემდეგ თავადვე აღიარეს. 

„რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ამ ომის არათუ თავიდან აცილება შეიძლებოდა, არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაზეც შემდეგ ხელი მოაწერეს, თავადვე აღიარეს. შესაბამისად, როდესაც თეა წულუკიანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხლები და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, ეს არის იმ ობიექტური მოცემულობის გახმოვანება, რომელთანაც გვაქვს ჩვენ საქმე. რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა, ბუნებრივია, არ იქნებოდა არც ომი და არ იქნებოდა არც მსხვერპლი, ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა. აბსოლუტურად ნათელი და ცხადია ყველაფერი,“- აღნიშნა პრემიერმა.