1989 წლის 9 აპრილს უცხოური ძალა დაუპირისპირდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ზუსტად იგივე ადგილას უცხოური ძალის დაკვეთით მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები, ეს შედარება იყო განცხადებაში - ირაკლი კობახიძე

1989 წლის 9 აპრილს უცხოური ძალა დაუპირისპირდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ზუსტად იგივე ადგილას უცხოური ძალის დაკვეთით მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს შედარება იყო გაკეთებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, 9 აპრილს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ არ იყო კონკრეტულად რუსეთ ნახსენები განცხადებაში და აღნიშნა, რომ ამ თემაზე სპეკულაციებს მხოლოდ ფსევდოლიბერალი შეიძლება აჰყვეს.

„ქართველები, შეიძლება ზოგადად ემოციურები ვართ, მაგრამ აქ არ იყო საქმე ქართველების ემოციასთან, აქ საქმე გვქონდა იმასთან, რომ ქართველი ლიბერალი, ისევე, როგორც ზოგადად ლიბერალი, არის შეზღუდული აზროვნების მქონე. რაც შეეხება 9 აპრილს გავრცელებულ განცხადებას, რატომ არ იყო სიტყვა რუსული ნახსენები, ერთი, რომ ეს იყო არა რუსული ჯარი, როგორც ასეთი, ეს იყო საბჭოთა არმია და ესენი იყვნენ საბჭოთა ჯარისკაცები. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც 9 აპრილის დემონსტრაცია დაარბიეს და ადამიანები მოკლეს, რუსების გარდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებიც იყვნენ, მათ შორის ისეთი რესპუბლიკების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მიიჩნევიან. იქ რუსების გარდა იყვნენ უკრაინელები, ბალტიისპირელები, შუა აზიელები და ა.შ. საბჭოთა კავშირი იყო. ამას თავი დავანებოთ, რატომ არ იყო რაღაც კონკრეტული სიტყვა რელევანტური, მაგრამ აქ მთავარი რა იყო იმ ტექსტში, რომელიც იყო მოცემული. სულ იყო სამი აბზაცი. საუბარი იყო უცხოურ ძალაზე და შედარება იყო გაკეთებული. მარტივად რომ შევაჯამოთ ტექსტი, უცხოურმა ძალამ გააკეთა ეს 1989 წლის 9 აპრილს და ახლაც უცხოური ძალა აკეთებს ამას დღევანდელ დღეს 36 წლის თავზე. 1989 წლის 9 აპრილს უცხოური ძალა დაუპირისპირდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ზუსტად იგივე ადგილას უცხოური ძალის დაკვეთით მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს შედარება იყო გაკეთებული. აქ არც ერთ შემთხვევაში ეწერა, რომელი იყო უცხოური ძალა და არც მეორე შემთხვევაში, ამიტომ მხოლოდ ლიბერალი, ანუ ფსევდოლიბერალი შეიძლება აჰყვეს ასეთ რიტორიკას. თუ არ გაქვს შეზღუდული გონება, ასეთ რაღაცას არ აჰყვები, მაგრამ ქართველი ლიბერალის ბედი არის ასეთი – არ გამოირჩევა განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებით, შესაბამისად, ადვილია მისი აყოლიება რაღაც იაფფასიან სპეკულაციებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„დიფ სთეითთან“ კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მანევრირების და კომპრომისების შედეგი.

„ჩვენ გვიწევდა მანევრირება, ამ მანევრირების და კომპრომისების შედეგი იყო და სწორედ რომ „დიფ სთეითთან“ კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. აქ შეიძლება კითხვა დაისვას, რომ ესეთი დაკნინებული იყო ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა? 2012 წლიდან მოყოლებული, რეალურად, ჩვენ გვქონდა სერიოზული პრობლემები სუვერენიტეტის კუთხით იმიტომ, რომ დიდ, ძალიან სერიოზულ ძალასთან გვქონდა საქმე, იმპერიასთან, ასე დავარქვათ. შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი იყო დაკნინებული. თქვენ გახსოვთ, საჯაროდაც რაც ხდებოდა, რომ არ დაიჭიროთ სააკაშვილი, არ დაიჭიროთ ბოკერია და ა.შ. პირდაპირი ინსტრუქციები. ეს ხომ საჯაროდაც ხდებოდა, მაგრამ 10 იმდენი ხდებოდა დახურულ კარს მიღმა. რა თქმა უნდა, ჩვენი სუვერენიტეტი იყო სერიოზულად შეზღუდული 2021 წლის თებერვლამდე განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ გვიწევდა „დიფ სთეითის“ აგენტის დატოვება პრემიერ-მინისტრად. ჩვენ ამაზე ღიად გვისაუბრია არაერთხელ, რომ ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში შევძელით ამ ქვეყნისთვის, სრული, ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ პრაქტიკულად, სათანადო, თვისებრივი სუვერენიტეტის დაბრუნება, მანამდე გვქონდა უმძიმესი ნაკლოვანებები და ხარვეზები ამ კუთხით, რასაც ობიექტური მიზეზი ჰქონდა. იძულება იყო და როცა რაღაცა იძულებაა, ამ შემთხვევაში შეცდომად ვერ მიიჩნევ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას ვიცნობ ძალიან კარგად, ამიტომ არ გამკვირვებია მისი საუბარი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მაგრამ კაცი, ზოგადად, ასეთი გონორით 30-ჯერ ამბობდეს ფრაზას – „არ მახსოვს“, ასეთი გონორით 30-ჯერ იტყუებოდეს და სრულ აბსურდს ლაპარაკობდეს, არ ვიცი, საზოგადოებამ შეაფასა, მგონი, ძალიან კარგად ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია მოქმედებდა გარე ძალების დაკვეთით და მისი მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანება.

„„არ მახსოვს“ – ეს ფრაზაც და ის ტყუილებიც იმის გამო იყო, რომ გახარიას პასუხები არ ჰქონდა. ჯერ ერთს ამბობდა და 30 წამში ან 1-2 წუთში სრულიად სხვა რამეს ამბობდა. ანუ, აქ ჩანდა, რომ, რეალურად, მას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამალი. მთავარი, რაც მას აქვს დასამალი, არის ის, რომ მოქმედებდა გარე დაკვეთით. რაც გააკეთა, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენებით, ეს გააკეთა გარე დაკვეთით. მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანება. მას ჰქონდა ეს დავალება არაერთგზის მიღებული, როდესაც ის იყო შს მინისტრი, შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრი, განსაკუთრებით, შს მინისტრის პოზიციაზე მუშაობისას. თუ გაიხსენებთ, აბსოლუტურად ხელოვნურად ჩნდებოდა მუდმივ რეჟიმში აღქმა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება, განსაკუთრებით ხელისუფლება და ახალგაზრდები იყვნენ ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ეს დალაგდა აბსოლუტურად ხელოვნურად, ეს მოხდა როგორ – გაიხსენეთ პანკისის სპეცოპერაცია, სადაც პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირეს და ყოველ ჯერზე ხდებოდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიციელი რჩებოდა შეურაცხყოფილი. პანკისის ხეობაში ასე მოხდა, ხომ? დაუპირისპირა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და დამცირებული და შეურაცხყოფილი დატოვა პოლიციელები, აბსოლუტურად ხელოვნურად დაალაგა ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე გაიხსენა ღამის კლუბ „ბასიანის“ საქმე და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიამ ხელოვნურად დაუპირისპირა ერთმანეთს „ქართული ოცნება“ და ახალგაზრდები.

„გახსოვთ, ასევე „ბასიანის“ შემთხვევა, სადაც პირველად, აბსოლუტურად ხელოვნურად დალაგებული ამბავი იყო, ერთმანეთს დაუპირისპირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ახალგაზრდები. დაკვეთა იყო, დავალება იყო, ამიტომ არ შეიძლება, რომ რაიმეს გააკარო აგენტი, მაგრამ ჩვენ მოგვიწია. ესეც საინტერესო დეტალია, ვინ დარეკა და ა.შ. ეს კითხვა დაისვა. კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კონკრეტული კაბინეტიდან, სადაც იჯდა „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი. ეს გუნდში იციან და თეა წულუკიანმაც ახსენა, რომ მანაც იცის ეს სახელი და გვარი. ჩვენ ერთმანეთთან გვისაუბრია, მაგრამ საზოგადოებაში ამაზე საუბარს ვერიდებით, რადგან არ გვინდა, რომ ქვეყანას რაღაც ზედმეტი უხერხულობა შევუქმნათ. რეალურად, ამ ზარით, ჩვენთვის საბოლოოდ გახდა ცხადი ის, რომ ეს ადამიანი მოქმედებდა უცხო ძალის დავალებებით. ის მომენტი და ზარი იყო სრული დასტური, ბეჭედი დაესვა. ეს ზარი ჩემთან არ იყო განხორციელებული, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან განხორციელდა და უმრავლესობის წევრების დიდმა ნაწილმა იცის ეს სახელი და გვარი, იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, ზარი იყო ქვეყნის გარედან, რომელმაც თქვა, რომ მათთვის არ იყო მისაღები გახარიას გადადგომა. დისკუსია გაიმართა 20 ივნისის შემდეგ და საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ გახარიას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, რაც ეთქვა გახარიას. მან ითხოვა 10-15 წუთი და მერე შემობრუნდებოდა და ამ 10-15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი „დიფ სთეითიდან“, ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყნის გარედან დარეკა და თქვა, რომ არ იყო მიზანშეწონილი მისი გადაყენება“, – განაცხადა პრემიერმა.