სლოვაკეთში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ

სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ირლანდიასა და მალაიზიაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კონსტანტინე ქვაჩაკიძე დაინიშნა. 2000 წლიდან კონსტანტინე ქვაჩაკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. სლოვაკეთის რესპუბლიკაში დანიშვნამდე, ის კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო. მანამდე კი იყო ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად სოფიო ქაცარავა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ სოფიო ქაცარავა 2020 წლის 1 მარტიდან იკავებდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ხოლო 2021 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 15 ოქტომბრამდე - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციებს. 2016-2019 წლებში გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს სოფიო ქაცარავას მიენიჭა დედოფალ ელისაბედ II-ის ჯილდო. მას ასევე მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას ირაკლი ასაშვილი დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი ივნისიდან ის იყო მალაიზიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული. ირაკლი ასაშვილს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე დიპლომატიურ მისიებში. 2018-2023 წლებში ირაკლი ასაშვილს ეკავა ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულყუფლებიანი ელჩის თანამდებობა; ის ასევე იყო საქართველოს გენერალური კონსულო თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ტრაპიზონსა და ქალაქ სტამბოლში. ირაკლი ასაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.