რეჟიმის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია, არანაირად არ სჯის ევროპა საზოგადოებას, გარკვეული პიროვნებების გარდა - ზურაბიშვილი

დღევანდელი წინააღმდეგობის პლატფორმის ერთ-ერთი თემა არის ვიზალიბერალიზაცია. რუსული რეჟიმი სწორედ იმაშიც გამოიხატება, რომ ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივ არის გამოყენებული რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის მცდელობა აქვს.

„ერთი – ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი დაგრჩებათ, საზოგადოებაზე გამოყენებულია მორალური წნეხი, მთავარი, რაც არის ამ კამპანიაში, ეს არ მოდის იქიდან, არც ბრიუსელიდან, არცერთი ევროპული დედაქალაქიდან, მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია, შეწყდეს სწორედ ვიზალიბერალიზაცია. ეს არ არის ის გადაწყვეტილება, რომელზედაც ესენი სწუხან და რომლის შეჩერებაც სურთ. არა, ეს არის მათი მიზანი. ეს მოჰყვება მათ მოქმედებებს და იმ რეჟიმს, რომელიც ყოველდღიურად ხან ლანძღავს ევროპის რომელიმე დედაქალაქს, თუ აქაურ ელჩებს, პირდაპირ მუქარის ტონით ესაუბრებიან. ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიიღეს გასულ 28 ნოემბერს – ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება. მივდივართ იქითკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია. ეს არის რუსული პოლიტიკა, რუსეთის მიზანია, საქართველო მთლიანად იყოს იზოლირებული თავისი ევროპელი ან ამერიკელი პარნიორებისგან და აღმოჩნდეს მარტო, დაუცველი, მისი დამოუკიდებლობა ფეხქვეშ გათელილი, რუსეთის, მისი სხვადასხვა განზრახვების ქვეშ.

ასევე რეჟიმის მიერ არის მცდელობა, რომ ხალხი მიაჩვიოს იმ მომავალს, რომელიც იქნება იზოლაციაში, ვიზალიბერალიზაციის გარეშე. მცდელობა არის, რომ პასუხისმგებლობა გადაიტანონ ევროპაზე, ვითომ ისინი გვსჯიან. არავის სჯის ევროპა, გარდა გარკვეული პიროვნებებისა, როცა ინდივიდუალური სანქციებია გამოცხადებული, მათი გადაცდომებისთვის. ეს იქნება სასამართლო სფეროში, თუ ძალოვან სტრუქტურებში და ა.შ. არანაირად არ სჯის ევროპა საზოგადოებას, პირიქით. ჩვენ გავიხსენებთ იმას, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს იმიტომ მიენიჭა, რომ დაინახა ევროპამ, რამდენად იყო მონდომებული და მზად ევროპული ინტეგრაციისთვის ქართული საზოგადოება, იცავდა კბილებით ამ ინტეგრაციის გზას. ამიტომ, საზოგადოების და ხალხის მიმართ არ არის არანაირი სურვილი, შეწყდეს ეს შეღავათები, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია. რეჟიმი თუ ასე გააგრძელებს და ყველა ფორმით ცდილობს, რომ საქართველო ჩამოაშოროს თავის პარტნიორებს და გადმოიყვანოს სრულ ჩაკეტილ მდგომარეობაში, იზოლაციაში, ამაზე პასუხისმგებლობა არის ივანიშვილის და იმ კლანის, რომელიც დღეს მართავს ამ ქვეყანას რუსული წესებით. ამიტომ, ამ საკითხზე პროპაგანდას არ უნდა მოუსმინოთ. უნდა დაფიქრდეთ და ნახოთ, ვინ აშორებს საქართველოს ევროპისგან. ევროპამ რამდენი რამ სცადა და გააკეთა, რათა პირიქით, გაუხსნას ქართველებს ის გზა, რომელიც გადააქცევს ქართულ პასპორტს ევროპულ პასპორტად. თუ არსებობს რეალური გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია, შემოვიერთოთ ხვალ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ეს არის სწორედ ევროპაში შესვლით და არა ევროპიდან ჩამოშორებით. ესეც არის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ.

მოქალაქეობის საკითხებზე როცა ვმუშაობდი, რამდენჯერ ვცადე, რომ ჩვენ მიგვეღო გადაწყვეტილებები, რათა ძალიან მარტივად დაგვებრუნებინა და აღვედგინა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის მოქალაქეობა, ვისაც წარსულში ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა. მოთხოვნა იყო რეგიონებიდან, რადგან რუსეთში სანქციებმა ჩამოაშორა გარე მსოფლიოსგან. ვერ მივიღე თანხმობა ვერც ერთი სტრუქტურიდან, იმ დროს, როცა მე ვიყავი იმ პოზიციაზე, როცა მქონდა ყველასთან საუბრის საშუალება და ვცდილობდი, ყველა დამეწმუნებინა, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი გაერთიანების გზა არის ევროპასთან, ევროპაში, პარტნიორებთან და არა რუსეთში“, – განაცხადა სალომე ზურაბშვილმა.