ბათუმში, ევროპის მოედანზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს, სოლიდარობა ქართულ მედიას“ – ამ და სხვა შინაარსის ტრანსპარანტებით ხელში იყვნენ შეკრებილი აქციის მონაწილეები.
აქციაზე, ჟურნალისტებთან ერთად, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„ჩვენი მთავარი სათქმელი არის – თავისუფლება მზია ამაღლობელს და თავისუფლება ქართულ მედიას, რადგან დღეს მიღებული კანონები ქართულ მედიას, ფაქტობრივად, კლავს. მზია ამაღლობელის საქმე პირდაპირ კავშირშია იმ მოვლენებთან, რომელიც ქართული მედიის გარშემო ვითარდება. უკვე სამ თვეზე მეტია, პატიმრობაშია ჟურნალისტი, რომელიც, ფაქტობრივად, თავისუფალი მედიის სიმბოლოა“, – განაცხადა გამომცემლობა „ბათუმელების“ რედაქტორმა, ნანა კვაჭაძემ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი მუდმივად გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით იქამდე, ვიდრე მზია ამაღლობელი არ გათავისუფლდება.