დაყადაღებული ფონდების დამფუძნებლების ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის სახლებში ჩხრეკაა. ორივე მათგანი სახლში მცირეწლოვან შვილებთან ერთადაა.
მათი თქმით, არც ერთ მათგანს არ მისცეს უფლება, დალოდებოდა ადვოკატის მისვლას.
ნანუკას ფონდის დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის და სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ ბაჯელიძის სახლებში შსს-ს წარმომადგენლები ჩხრეკაზე შევიდნენ.
როგორც ფეისბუკ ლაივიდან ირკვევა, განჩინებაში ჩხრეკის მიზეზად მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 319-ე მუხლები. 318-ე მუხლი საბოტაჟს, ხოლო 319-ე "უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას" გულისხმობს.
საქმე ეხება პროკურატურის მიერ ე.წ საბოტაჟის საქმეზე ვატო შაქარიშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას. ამ გამოძიების ფარგლებში დააყადაღეს „ნანუკას ფონდის", „ფროსფერითის", „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის", „სირცხვილიას" და „ფონდის ერთმანეთისთვის" საბანკო ანგარიშები.