გარკვეული ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას - სუს-ის ანგარიში

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი სხვადასხვა საბაბით (მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება, საპარლამენტო არჩევნების „გაყალბება“) საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშში.

 

ანგარიშის თანახმად, პირთა გარკვეული ჯგუფების მოქმედებები იმართებოდა უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.

„სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებდნენ მზადყოფნას, ჩამოსულიყვნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში, რასაც მოჰყვებოდა სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა. მათ შორის, განიხილებოდა მმართველი ძალის თანამდებობის პირების ლიკვიდაციის გეგმები.

საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიზანს მიმდინარე პროცესების ე.წ. მაიდანიზაცია წარმოადგენდა. იგეგმებოდა თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზება, სამთავრობო დაწესებულებებსა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებთან მისასვლელი გზების, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირება, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობა.

საპროტესტო მუხტისა და რადიკალიზმის გასაზრდელად დაგეგმილი იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება დემონსტრანტებთან დასაპირისპირებლად, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი. ამ მიზნით ცალკეული ახალგაზრდული ჯგუფების მიერ გამოიყენებოდა პიროტექნიკა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები.

არსებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორების მიერ ასევე იგეგმებოდა 2024 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესის ჩაშლა. ამ მიზნით განიხილებოდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყოლოდა მსხვერპლი და მასზე პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ხელისუფლებას.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზებისა და პროვოცირების მიზნით გამოიყენებოდა ე.წ. ფერადი რევოლუციების მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორებიცაა მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის განცდის შექმნას“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალების მიზნით სუს-ი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში აგრძელებდა აქტიურ მუშაობას, ხორციელდებოდა მათი დაინტერესების მიმართულებების, მათ ინტერესებში მოქმედი პირებისა და პირთა ჯგუფების გამოვლენა, მათი საქმიანობის მონიტორინგი, ამოცანებისა და მიზნების დადგენა.

„სამსახურის ოპერატიული, ოპერატიულ-საგამოძიებო და ანალიტიკური მუშაობის შედეგად, მათ შორის, სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის პირობებში, მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება.

2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე. ამასთან, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოპოვებული ათობით ოპერატიული ინფორმაცია ქვემდებარეობით გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებებში, სადაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეებზე“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.