"ღიად ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ" - პაპუაშვილი

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას ორი განზომილება აქვს – საგნობრივი განზომილება, სადაც თავად ევროკომისიაც ვერ გაურბის შეფასებას, რომ საქართველო არის წინ, ვიდრე ბევრი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ასევე, არის პოლიტიკური დევნის ინტერესები ზოგიერთ ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, – ამის შესახებ პარლლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ზოგიერთ ჯგუფს ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველო საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე რუსეთთან ესკალაციაზე წავიდოდა და სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა, თუმცა უარი მიიღეს, გაბრაზებულებმა კი საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ.

„საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას აქვს ორი განზომილება. ერთი, საგნობრივი ნაწილია, სადაც თავად ევროკომისიის დასკვნებითაც კი, რომ გაეცნოთ, თუნდაც ბოლო დასკვნას, ოქტომბერში რომელიც იყო, იმის წინა დასკვნას, იმის წინა დასკვნას რომ გაეცნოთ, პარალელურად სხვადასხვა სარეიტინგო ორგანიზაციების საერთაშორისო შეფასებებს რომ გაეცნოთ, ნახავთ, რომ საქართველო არის მოწინავე კანდიდატ ქვეყნებს შორის ბევრი პარამეტრით. მოწინავეა უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ამას ევროკომისიაც ვერ გაურბის ხოლმე, როდესაც ქაღალდზე გადააქვს და არგუმენტებით არის იძულებული, შეაფასოს; და არის მეორე განზომილება – ეს არის პოლიტიკური განზომილება, რომელიც, სამწუხაროდ, ევროკავშირის ბიუროკრატების და ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკოსების წყალობით, არის იმ ფორმაში, რომელსაც ჩვენ არ ვისურვებდით. მიზეზი მარტივია. მას შემდეგ, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთ ჯგუფს ევროპაში ჰქონდა მოლოდინი საქართველოს მიმართ, რომ საქართველო წავიდოდა ესკალაციაზე რუსეთთან და, საკუთარი ინტერესების დაზიანების ხარჯზე, სხვის ინტერესებს მოემსახურებოდა. ამაზე მათ მიიღეს კატეგორიული უარი 2022 წლის თებერვალში. ამაზე გაბრაზებულებმა არ მოგვცეს თავის დროზე კანდიდატის სტატუსი. ვიცით, მაშინ თუ ფარული იყო, ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები და ხელისუფლებები პირდაპირ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ ჯგუფების მოკავშირეები საქართველოში არიან რადიკალური ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები.

„ასე რომ, ორი განზომილებაა. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას ორი განზომილება აქვს – საგნობრივი განზომილება, სადაც თავად ევროკომისიაც ვერ გაურბის შეფასებას, რომ საქართველო არის წინ, ვიდრე ბევრი სხვა კანდიდატი ქვეყანა. ასევე, არის პოლიტიკური დევნის ინტერესები ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.