გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო. დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედ-იღბალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი განსაზღვრავს საკუთარ მომავალს და არავინ სხვა.
„მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს, ჩვენს ძვირფას ქართულ ჯარს, მივესალმები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელ პირებს, ქალაქ თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, დიპლომატიური კორპუსის წევრებს, მივესალმები სრულიად საქართველოს.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
დღევანდელი დღე არის ქართველი ერის ერთიანობის, თავისუფლების სიყვარულის, გაუტეხლობისა და დაუღალავი ბრძოლის სიმბოლო. ზუსტად 107 წლის წინ, ჩვენმა წინაპრებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, საფუძველი ჩაუყარეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებას. დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, სადაც ნათლად არის ასახული ქართველი ერის სურვილი, თავად განსაზღვროს საკუთარი ბედ-იღბალი.
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს გვერქვას ქართველი, ვცხოვრობდეთ ქართულ მიწაზე, ვსაუბრობდეთ ქართულად და ვიყოთ ერთ-ერთი უძველესი, ევროპული, ქრისტიანული ერის შვილები. უნდა გვესმოდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რომელსაც მუდმივი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. სამშობლოზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი აქტი, ან ვალდებულება. ეს არის უწყვეტი პროცესი, ერთგვარი მისია – ქართველი ხალხის ხვედრი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების ბრძოლით დაიწყო და არასდროს დასრულდება, სანამ იარსებებს საქართველო და ქართველი ერი.
სწორედ ამ იდეისთვის, მამა-პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რომლის დაცვაც თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ, ამ სამიდან, რომელიმე გამოაკლდება ჩვენ დავკარგავთ მთავარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია, დავკარგავთ ქართულ ფესვებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართველი ერი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება.
ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომელიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა, რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავის და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის თქმით, რომ არა ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქვეყნისთვის ძალიან რთულ და საშიშ პერიოდში, მხოლოდ ხელისუფლის გონივრული და ეროვნული პოლიტიკა ვერაფერს გახდებოდა.
„მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ პატრიოტ მოქალაქეს, ყველას, ვინც იწამა საკუთარი ქვეყნის ძალა, დადგა სამშობლოს სადარაჯოზე და უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს გადარჩენასა და მშვიდობის შენარჩუნებაში. თქვენ უნდა იყოთ ამაყი თქვენი თავდადების, გონიერებისა და ერთგულების გამო. უნდა იამაყოთ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ იშვიათი შესაძლებლობა და გავერთიანდით ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, რომელმაც შესაძლოა მომავალი ათწლეულები განსაზღვროს. ჩვენ, ერთიანობითა და წინდახედულებით, წარმატებით გავიარეთ საფრთხის პირველი ეტაპი და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთივე წარმატებით გავიყვანთ საქართველოს სამშვიდობოს.
დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალზე ზრუნვა მუდმივ მოძრაობასა და მოქმედებას მოითხოვს. როგორც დიდმა ილიამ თქვა: „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“. ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ყველაზე დიდებულ და საამაყო პერიოდამდე -„ოქროს ხანამდე“ სწორედ მუდმივმა მოძრაობამ, გადამწყვეტი მომენტისთვის უწყვეტმა მომზადებამ და დაუღალავმა შრომამ მიიყვანა.
ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საკუთარი სამშობლო, ენა, დამწერლობა და სარწმუნოება სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ქართველს არასდროს შეუწყვეტია მოძრაობა. ეს ბრძოლა ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა სახის იყო. იყო დრო ხმალ-იარაღით ბრძოლის, ისევე როგორც მოთმინების, ატანისა და გამძლეობის. იყო დრო როდესაც, კალამს უფრო დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე ხმალ-იარაღს. ისევე როგორც დღეს, თანამედროვე სამყაროში, ჩვენს სიტყვებსა და შორსმჭვრეტელობას აქვს განუზომელი ძალა, განსაკუთრებით ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. სწორედ ჩვენი სიტყვა, გონიერება და საკუთარი თავის რწმენაა დღეს ჩვენი მთავარი იარაღი.
საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი, რომელიც მძიმე იარად აქვს დამჩნეული ქართველ ხალხს. ქართველი კაცის მტკიცე ხასიათი და გამორჩეული ვაჟკაცობა ყოველთვის მოიცავს თავგანწირვას საკუთარი ქვეყნისა და ოჯახისთვის. დარწმუნებული ვარ, საჭიროების შემთხვევაში, თითოეული პატრიოტი ქართველი მზად არის საკუთარი სიცოცხლის დასათმობად. ჩვენი ამოცანა კი არის, არ დადგეს ეს საჭიროება – არ დასჭირდეს ქართველ კაცს სიცოცხლის ფასად საკუთარი ქვეყნის დაცვა. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, პატიოსანი შრომით იზრუნოს საკუთარ ოჯახსა და სამშობლოზე.
მსურს, დღეს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. ქართველი ხალხის ევროპულ კუთვნილებას, საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს, რადგან მათთვის ევროპული ღირებულებები – სამართლიანობის, მშვიდობის, ქრისტიანობის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის დაცვისა და პატივისცემის ტოლფასი იყო. რადგან მათ იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ცივილიზაციური ევროპის თანაშემოქმედი და განუყოფელი ნაწილია. საქართველო, საუკუნეების განმავლობაში სრულიად მარტო, ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, უშიშრად და მტკიცედ იცავდა ქრისტიანულ და ევროპულ ღირებულებებს. ამას ჩვენი ერი ძალიან დიდი სისხლის და მსხვერპლის ფასად აკეთებდა.
მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხის თანადგომით მტკიცე და ურყევი იქნება ამ პრინციპების დაცვაში. არ დავუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესებს.
ქართველი ერის სიძლიერის ქვაკუთხედი ყოველთვის იყო ძლიერი ოჯახი, გამორჩეულად მყარი ინსტიტუტი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ქართველმა ხალხმა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ხმა აიმაღლა და თქვა, რომ ტრადიციული ოჯახი და ოჯახური ღირებულებები არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. ჩვენი ვალია, გავაძლიეროთ ქართული ოჯახები და ხელი შევუწყოთ ჩვენი ერის გამრავლებას.
ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, ამიტომ ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მოფრთხილება და მზრუნველობა გვმართებს. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ინდივიდის წარმატება, საქართველოს წარმატების ტოლფასია. ისევე როგორც ჩვენი სამშობლოს წარმატება უნდა იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმატება. სამშობლოზე ზრუნვა მუდამ უნდა ფიგურირებდეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებასა და კარიერაში. სამშობლო მუდამ თან უნდა გვდევდეს თითოეულ ჩვენგანს.
საქართველო არ არის უბრალოდ ინდივიდების ერთობა, არამედ ეს არის, ქართველი ერის მიერ, საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოებრიობის უდიდესი და საამაყო ისტორია გააჩნია.
ქართველი ერის საბოლოოდ შეკვრასა და საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებული როლი ქრისტიანობამ ითამაშა. ჩვენ უხვად გვაქვს ისტორიული ფაქტები, თუ როგორ იბრძოდნენ ქართველი სულიერი მამები საერო პირების მხარდამხარ, თუ როგორ იცავდა ერი და ბერი საკუთარ სამშობლოს ერთსულოვნად. თუ ჩვენ წარსულში ვახერხებდით ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტებში გაერთიანებასა და სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად მოქმედებას, ესე იგი ეს შესაძლებლობა ჩვენს ერში, თითოეულ ჩვენგანშია. შესაბამისად, ჩვენი ვალია, საკუთარ თავში ვიპოვოთ ეს ძალა და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი რესურსები და ენერგია მივმართოთ ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს ასაშენებლად, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ჩვენ, რომ შევძლოთ ასეთი საქართველოს აშენება, გვჭირდება მრავალმხრივი განვითარება და გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვეძებოთ ჩვენი ქვეყნის წარმატების გასაღები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე.
„ჩვენ საბოლოოდ სწორედ მაშინ გავიმარჯვებთ და სისრულეში მოვიყვანთ ერთიანი საქართველოს იდეას, როდესაც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საერთო სიკეთეებით სარგებლობა ისევე იყოს შესაძლებელი სოხუმსა და ცხინვალში, როგორც თბილისსა და ბათუმში, გორსა და ზუგდიდში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში. მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და აყვავებული. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.