„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით მისი კოლეგები მოძრაობას აფუძნებენ. ამის შესახებ სამი ტელევიზიის საერთო ეთერში განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან.
„ჩვენი კოლეგა არის სინდისის პატიმარი, მას ებრძის სისტემის ყველა მანქანა ერთდროულად. მის დაკავებას ჩვენ, ჟურნალისტები, დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენლები განვიხილავთ თავდასხმას სიტყვის თავისუფლებაზე, მისი გაგუდვის, მოთვინიერების მცდელობად. სწორედ ამიტომ აქ შეკრებილი ადამიანიების უმეტესობა და არაერთი სხვა კოლეგამ, რომელიც სტუდიამ ვერ დაიტია, ვაფუძნებთ მოძრაობას მზიას თავისუფლებისთვის.
მასში გაერთიანებული ადამიანები მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მზიას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და იგი ისჯება ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ჩვენი მოძრაობა არ შეეგუება ჟურნალისტის ტყვეობას და გამოიყენებს ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პლატფორმას მზიას თავისუფლებისთვის“, - თქვა ნინო ზაუტაშვილმა.
ამავე არხებზე გადაიცა მზია ამაღლობელის შესახებ ონლაინგამოცემა „საქართველოს ამბების“ მომზადებული ფილმი.
მზია ამაღლობელი 12 იანვრის შემდეგ პატიმრობაშია - მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ სილის გაწვნა არის შეურაცხყოფა, რაც ისჯება ადამინისტრაციული პასუხისმგებლობით და არა სისხლის სამართლის წესით. ამ მოსაზრებას ამყარებენ დგებუაძის კოლეგების მიცემული ჩვენებებით, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.