უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროშია დასაქმებული, გამარტივებული გზით შეძლებს დროებითი ბინადრობის მიღებას. ცვლილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტის მიხედვით, დაინტერესებული პირი ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს - უნდა ჰქონდეს სფეროში საქმიანობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, ასევე, მისი ანაზღაურება წლიურად 25 000 დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ნებართვა პირველად სამი წლის ვადით გაიცემა. მიზანი აიტი სფეროს სტიმულირება, პროფესიონალი კადრების მოზიდვა და ეკონომიკურო ზრდაა.
„რაც უფრო მეტ უცხოელ სპეციალისტს მოვიზიდავთ, მით უფრო წარმატებულად განვითარდება ეს სექტორი, რადგან მომავლის ტექნოლოგიების განვითარება ნიშნავს ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და წარმატებას“, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.