"საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა პრიორიტეტია" - ირაკლი კობახიძე

საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა რა თქმა უნდა არის პრიორიტეტი. წელსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, უზრუნველყოფილი იქნა საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების მატება 10%-ით.

 

„საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა რა თქმა უნდა არის პრიორიტეტი. წელსაც უზრუნველყოფილი იქნა საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების მატება 10%-ით, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საბავშვო ბარების პერსონალის, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასები მიმდინარე წლიდან. “, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ზრუნვას პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.

 

„შეძენილი იქნა 143 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება პოლიციისთვის, 69 მაღალი გამავლობის ავტომანქანა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის, მიმდინარეობდა შენობების რეაბილიტაცია, ძალიან მასშტაბურია ის ინიციატივები, რომლებიც განხორციელდა, დეტალურ ინფორმაციაა წარმოდგენილი ამასთან დაკავშირებით მთავრობის ანგარიშში. ვზრუნავთ პოლიციელების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო 1 100-ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამხედროების სოციალური მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. 

„ამ მიმართულებითაც გაგრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება. ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი  უმთავრესი პრიორიტეტი. მუშაობა მიმდინარეობს 133 ობიექტის განახლება/მშენებლობაზე, რაც თავდაცვითი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. 320 მლნ ლარის პროექტები ხორციელდება, ასევე -ჯარის ქალაქის მშენებლობა. ესეც არის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომელიც განკუთვნილია ჩვენი ჯარისკაცებისთვის. ქართული ჯარი არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაგრძელდეს ზრუნვა ჯარის განვითარებაზე და თითეული ჯარისკაცის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე“, -  განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 186 ათასით გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირი შედეგი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ამოქმედდა ქვეყანაში. 

 

„რაც შეეხება პენსიებს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა დაპირება, 2025 წლისთვის გაგვეზარდა პენსია 35 ლარით, რაც შესრულდა და აისახა 2025 წლის ბიუჯეტში, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის პენსია გახდა 350 ლარი 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 450 ლარი. მაღალმთიან რეგიონებში მოქმედებს შესაბამისი დანამატი. აქაც მინდა, ერთი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ გავიხსენო. 683 ათასი იყო პენსიონერების რაოდენობა საქართველოში 2012 წელს და ეს რაოდენობა გაზრდილია 869 ათასამდე, აქაც პირდაპირ ჩანს, თუ რამხელა ეფექტი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ ჩვენს ქვეყანაში. 186 ათასით გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირი შედეგი აქვს ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში და რომელთა მასშტაბები უპრეცედენტოდ გაფართოვდა გასული წლების განმავლობაში. 

 

ცალკე აღვნიშნავ, რომ 76 მილიონიდან 95 მილიონამდე გაიზარდა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, გრძელდება დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 2024 წელს  2022 ოჯახი დაკმაყოფილდა ახალი საცხოვრებელი ფართებით და  2025 წელს უკვე დაკმაყოფილდა 682 ოჯახი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამი წლით გაიზარდა მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, ერთ-ერთი მთავარი, რამაც ეს შედეგი მოიტანა, არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ზოგადად ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამები.

 

„მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაზიარდა 4-ჯერ და კიდევ უფრო მეტად. მანამდე ეს იყო პრაქტიკულად მიტოვებული სფერო, ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ეს ყველას ძალიან კარგად გახსოვთ. თავისთავად უკვე სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი ხელისუფლება ადამიანებზე ზრუნვას და კონკრეტულად ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში. შესაბამისად, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ შემცირდა 73%-დან 41%-მდე, აქაც ხედავთ, რომ შთამბეჭდავი განსხვავებაა. გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

მისივე თქმით, სოფლის ამბულატორიებს დაეთმო განსაკუთრებული ყურადღება, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა და აღიჭურვა 22 სოფლის ამბულატორია, დაიწყო 12 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, დაგეგმილია დამატებით 4 ამბულატორიის მშენებლობა.

 

„ეს არის მიმდინარე პროცესი. 50 ამბულატორიაში განახლდა აპარატურა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადამწყვეტი იყო ქართველი ხალხის ნება, რომელიც გასული წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლინდა.

 

„ეს იყო ძალიან რთული არჩევნები, იყო ძალიან სერიოზული, უხეში გარე ჩარევა, იყო ყალბი გზავნილის თავსმოხვევის მცდელობა, თითქოს ეს იყო რეფერენდუმი რუსეთსა და ევროპას შორის, ასეთი გზავნილები კარგად გახსოვთ. სინამდვილეში ეს იყო ნამდვილად რეფერენდუმი, ოღონდ სასწორზე იდგა ორი სხვადასხვა რამ, ეს იყო ომი და მშვიდობა. საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა სწორედ თავისი სიბრძნით მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება მშვიდობის სასარგებლოდ და სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა პირველ რიგში ის, რომ ქვეყანას აქვს მშვიდობა და ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკლესიის თანადგომა  ქვეყნისთვის რთულ მომენტებში ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა. 

 

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დედა ეკლესიას, მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, წლების და საუკუნეების განმავლობაში დგას ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ყოველ ჯერზე, მათ შორის რთულ მომენტებში ეს ძალიან მკაფიოდ გამოვლინდა. მადლობა ჩვენს დედა ეკლესიას და უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.