"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა.
ინფორმაციის გავრცელებამდე "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა 8 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი განცხადება წაიკითხა, სადაც ხელმომწერები თანხმდებიან, რომ უარს ამბობენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
„ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიცაა ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების, ერთობლივად ვაცხადებთ:
1. უარს ვამბობთ ე.წ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასად შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს;
2. ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით, მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული.
გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ არათანამშრომლობაზე გადის.
საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო, ეროვნულ წინააღმდეგობას ბოლომდე“ — ნათქვამია 8 პროდასავლური, ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პარლამენტის წინ ელენე ხოშტარიამ წაიკითხა.
ხელმომწერი პარტიები:
„თავისუფლების მოედანი“
„ევროპული საქართველო“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
„სტრატეგია აღმაშენებელი“
„ახალი“
„გირჩი-მეტი თავისუფლება“
„დროა“
„ფედერალისტები“