ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

490 მომხრე, 147 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.

32-პუნქტიან დოკუმენტი საქართველოში გაუარესებულ ვითარებას ეხება, სანქციების დაწესებით მოწოდებით გამოდის და კრიზისიდან გამოსვლისთვის "ქართულ ოცნებას" ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია 2023-24 წლების ევროკომისიის ანგარიშებს ეფუძნება.

დოკუმენტი საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებს აკისრებს, რადგან მათ კონსტიტუციაში გაწერილი ევრო-ატლანტიკური კურსის საწინააღმდეგო პოლიტიკა აქვთ.

კერძოდ, დოკუმენტში ხაზგასმულია ბიძინა ივანიშვილის და სხვა თანამდებობის პირების, პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, ვახტანგ გომელაურის, თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ასევე „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე, რაც გამოიხატა დემოკრატიული უკუსვლის ხელშეწყობაში, რამაც გამოიწვია ხელისუფლების ავტოკრატიული კონსოლიდაცია და ქვეყნის კონსტიტუციური მიზნის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა.

რეზოლუციაში მოწოდებაა მიზნობრივ სანქციებზე ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს ითანამშომლოს სხვა ქვეყნებთან განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთთან, იმისთვის, რომ ივანიშვილს აქტივები გაეყინოს.

რეზოლუციის თანახმად, ახლანდელი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით შეიძლება მოხერხდეს. რეზოლუციაში დაგმობილია პოლიტიკური ოპონენტების უკანონო სამართლებრივი დევნა პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ, რომელიც რეზოლუციაში მოხსენიებულია როგორც დე ფაქტო პარლამენტი. ასევე მკაცრად არის დაგმობილი ამ კომიტეტზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაკავებაც.

ე.წ. საპარლამენტო კომისიის შექმნის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას დაპატიმრებისა და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით გასამართლების გამო.

რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არცნობა უნდა გაგრძელდეს, "სანამ პოლიტიკური კურსის ხელშესახები ცვლილება არ იქნება და სანამ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს თავი შეიკავონ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან შეხვედრისგან. ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილია მიჩნეული.

რეზოლუციაში მხარდაჭერაა გამოხატული ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების მიმართ და ხაზგასმულია, რომ საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ნებით უნდა განისაზღვროს.