ბრიუსელის მითითებებით რომ გვემოქმედა, დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით - პაპუაშვილი

ჩვენ ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საქართველოს ინტერესს საკუთარ ინტერესზე მაღლა არ დააყენებს.

„ამ ცხრილებში მოცემულია საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შედარება 2021-2024 წლებში. მაშინ, როცა 2021 წელს, მოლდოვა – 13,9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ჩვენზე ძლიერადაც კი გამოვიდა „კოვიდით“ გამოწვეული ეკონომიკური რეცესიიდან, ომის დაწყებისთანავე ის მწვავე ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ნულს ქვემოთ და ნულთან ახლოს მაჩვენებლებით.

მაშინ, როდესაც 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტი მოლდოვაზე 2,4 მილიარდი დოლარით მეტი იყო, 2025 წელს ჩვენი ბიუჯეტი მოლდოვისას 4,8 მილიარდი დოლარით აღემატება, ანუ ხუთ წელიწადში ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტებს შორის სხვაობა.

ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მოლდოვას კანდიდატობაც მისცეს, მოლაპარაკებების გახსნაც, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ და განვითარების მაგალითადაც კი უნდათ რომ დაგვიყენონ, ჩვენ კი უსამართლო თავდასხმების და საბჭოური სტილის მუქარის ობიექტი გაგვხადეს.

მაშ, რა მოხდა? რა გავაკეთეთ ან არ გავაკეთეთ ჩვენ, რის შედეგადაც, ეკონომიკური ზრდით, ყველა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ლიდერი ვართ, მოლდოვაში კი მწვავე ეკონომიკური სტაგნაციაა?

პასუხი ნათელია, ვიმოქმედეთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით და არა ბრიუსელის მითითებებით, რომელსაც რომ ავყოლოდით, დღეს ეკონომიკურად და ფიზიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით.

ეს ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, იმის გასააზრებლად, რომ არავინ ჩვენი ქვეყნის ინტერესს თავისაზე მაღლა არ დააყენებს. ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც კიევმა მებრძოლების ოფიციალური გაგზავნა მოგვთხოვა; ეს გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც ბრიუსელმა რუსეთთან საზღვრის დაკეტვა მოგვთხოვა; ამ გაკვეთილს ვიღებთ, როდესაც ლამაზი სიტყვებით ამბობენ, რომ უკრაინა ევროკავშირის ფრონტის წინა ხაზია, მაგრამ იმ ფრონტზე საკუთარი სისხლის დაღვრა არ უნდათ“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.