რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ - კალაძე

რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებასთან დაკავშირებით აშანტაჟებდნენ, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემა იყო განსჯის საგანი.

„ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება უსამართლო და ქართველი ხალხის დასჯა. ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ. რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? წარმოუდგენელია. არ არის ეს სასიამოვნო, თუმცა მეორე მხარეს არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის მომავალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შანტაჟი გრძელდება. პირველი იყო ევროინტეგრაციის მიმართულებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი. გვახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ ქვეყანას – მთელ რიგ ქვეყნებს, რომელთან შედარებით საქართველო ყველა კრიტერიუმით წინ არის, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარებით, სახელმწიფო ინსტიტუციების მდგრადობით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, საქართველოს არ მისცეს სტატუსი და იმ ქვეყნებს მისცეს. ეს იყო ერთგვარი იარაღი იმისთვის, რომ გამოეყენებინათ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართველ ხალხს უთხრეს და მთელი პროპაგანდა ჰქონდათ ამის, თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ეგონათ, რომ ხალხს გამოიყვანდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდნენ. არ გამოუვიდათ, ჩაუვადათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, ბოლო თემა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საკითხია.

„შემდეგი თემა იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი. აქაც წარმოუდგენელ, აბსურდულ განცხადებებს ვისმენდით. რა თქმა უნდა, ესეც ჩაუვარდათ. ახლა, ბოლო თემა, რაც დარჩათ ხელში, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხია და ამასაც იყენებენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეორე მხარეს არის ბევრად უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასთან, ქვეყანაში გრძელვადიან მშვიდობასთან და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.