ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი, 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი კონფიგურაციით, „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.
„ჩვენ ველოდებით უფრო მაღალ პროცენტს, ვიდრე გვქონდა წინა არჩევნებზე. მაშინ ქვეყანაში ავიღეთ 54,5% და ვფიქრობ, რომ დღევანდელი მოცემულობით მინიმუმ 2%-ით მეტის აღება შეგვიძლია. თუმცა დაიწყება საარჩევნო კამპანია და კიდევ უფრო მეტად არის შესაძლებელი შედეგის გაზრდა. ეს კონფიგურაციაზეც იქნება დამოკიდებული, თუმცა ეს კონფიგურაციას ვერავითარ არსებით ცვლილებას ვერ შეიტანს შედეგებში. ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება. ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. 64-ვე მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი კონფიგურაციით, მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. საერთო რეიტინგიც იძლევა ამის თქმის საშუალებას“, – განაცხადა პრემიერმა.
გუნდი არის ერთიანი და ძლიერი როგორც არასდროს, ამ გუნდს ჰყავს ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ყველაფერი არის შეკრული საერთო იდეის და იმ პრინციპების გარშემო, რომლებიც საფუძვლად დაუდო ბიძინა ივანიშვილმა პარტიას დაფუძნების მომენტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი ცვლილება განხორციელდა სამთავრობო გუნდში, ერთიანი და ჯანსაღია, როგორც არასდროს, მათ შორის კორუფციისგან სისუფთავის თვალსაზრისით.
„ძალოვანი სტრუქტურები არის ერთიანი, ძლიერი, კონსოლიდირებული როგორც არასდროს. ეს არის დღევანდელი რეალობა. შეგვიძლია, გავყვეთ თითოეულ სახელსა და გვარს, თითოეულ ორგანოს, თითოეულ სუბიექტს. გუნდი არის ერთიანი და ძლიერი როგორც არასდროს. ამ გუნდს ჰყავს ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ყველაფერი არის შეკრული საერთო იდეის და იმ პრინციპების გარშემო, რომლებიც საფუძვლად დაუდო ბიძინა ივანიშვილმა პარტიას დაფუძნების მომენტიდან. შესაბამისად, ყველა ხედავს, რომ გუნდი არის ძლიერი და უფრო მეტიც, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ქვეყნის განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით. ერთი პოლიტიკური კუთხით – ოპოზიცია რომ არის მთლიანად დაშლილი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი გამოხატულება. ის, რომ ეკონომიკა იზრდება უპრეცედენტოდ, გასული 4 წლის განმავლობაში პირველ ადგილზე გავიდა ევროპაში და ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გვაქვს უპრეცედენტო ზრდა. ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4 300 დოლარი 2020 წელს და ახლა 9 000 დოლარს გადააჭარბა და 10 000 დოლარს გადავცდებით, პირველად ისტორიაში, ამ წლის ბოლოს. ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება ეკონომიკა, ვითარდება ყველა დარგი, ყველა მიმართულება, ძალიან ამბიციური რეფორმები გვაქვს დაგეგმილი. პოლიტიკური კუთხით, ოპოზიცია პრაქტიკულად ჩამოვშალეთ, მთელი ეს რადიკალური ფრთა. ძალიან ძლიერია გუნდი ყველა მიმართულებით და რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მთავარია, ეფექტურად ვზრუნავთ ქვეყნის, ეკონომიკის და სხვადასხვა დარგის განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე სერიოზულად ამოქმედდა შეზღუდვები და ამან დაასტაბილურა კიდეც ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით, უფრო მეტად დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა და ამ შედეგებს პირდაპირ ხედავს საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ კონკრეტული ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დასაგეგმად და შემდეგ განსახორციელებლად, ეს იყო ძირითადად „იუესეიდი“ და „ნედი“.
„გარდა ამისა, იყო სხვა წყაროები, მაგალითად, სხვა წყაროებით ფინანსდებოდა იგივე ფრანკლინის კლუბი და მომავლის აკადემია, ეს რადიკალური ექსტრემისტული დაჯგუფებები ჩვენს ქვეყანაში, რომელთა მიზანი პირდაპირ რევოლუციურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვა იყო. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ახალი ადმინისტრაციის აღიარება იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ადმინისტრაცია აქტიურად იყენებდა ამ ფონდებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. ეს ფაქტი იყო, რაც საზოგადოების თვალწინ მოხდა. ყველა ვაკვირდებოდით, როგორ გამოიყენებოდა ეს ფონდები და შესაბამისი დაფინანსება საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. რაც შეეხება ევროპას, ევროპის მიმართულებით სხვაგვარად არის საქმე, აქ არ ყოფილა არავითარი აღიარება და პირიქით, გლობალურმა ომის პარტიამ, „დიფ სთეითმა“ სცადა, რომ ამერიკიდან აქცენტი გადმოეტანა სწორედ ევროპაზე და დღეს არის მაგალითად ევროპული ფონდი „იიდი“, არის კონკრეტული სახელმწიფოების ფონდები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოში კვლავაც გრძელდება ამ პროცესების წახალისება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ბრიტანეთის საელჩომ წარადგინა ინფორმაცია, რომ გეგმავდა საქართველოში ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას.
„პირდაპირ რადიკალიზაციას ახალისებდა აბსოლუტურად ღიად ჩვენს ქვეყანაში. ახალი კანონის საფუძველზე ჩვენგან ითქვა უარი ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებაზე. თავად ეს ფაქტი ძალიან დასანანი და სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ გეგმავდა ბრიტანეთის საელჩო ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას. გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე სერიოზულად ამოქმედდა ეს შეზღუდვები და ამან დაასტაბილურა კიდეც ჩვენი ქვეყანა. მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით, უფრო მეტად დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა და ამ შედეგებს პირდაპირ ხედავს საზოგადოება. ეს კანონები მუშაობს, თუმცა ჯერ კიდევ სრული მასშტაბით არის ასამოქმედებელი გრანტების კანონი“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ზომა, რასაც ახალი კანონმდებლობა დარღვევისთვის ითვალისწინებს, ჯარიმებია.
„ჩვენ დავაკოპირეთ ასევე ამერიკული კანონმდებლობა, რომელიც უფრო მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს, სადაც უამრავი ტყუილი ითქვა, თითქოს ეს არ არის ასე. დაადონ რომელიმე წინადადებას თითი, რომელიც არ არის დაკოპირებული ამერიკული კანონიდან. ვერ ამბობენ, იტყუებიან. ეუთო-შიც გამოდიოდა ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკი და თქვა, რომ თქვენ აცხადებთო, რომ ამერიკულის ასლია, მაგრამ ასე არ არისო. დაადოს თითი რომელიმე წინადადებას, რომელიც არ არის პირდაპირ გადმოწერილი ამერიკულიდან, რაიმე ერთსიტყვიანი კორექტივა გვაჩვენოს. ვერ ამბობენ, მაგრამ იტყუებიან, ეს არის ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელი სახე. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება იკადრო ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. ეს კანონმდებლობა მოქმედებს, კიდევ უფრო მკაფიოდ ამოქმედდება და შედეგები უკვე ჩანს. მთავარი შედეგი არის ის, რომ დღეს ექსტრემისტები ვეღარ ახერხებენ რადიკალიზაციას იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც მანამდე ახერხებდნენ. დღეს პრაქტიკულად მკვდარია მთლიანად ექსტრემისტული ფლანგი. იკრიბება ყოველდღე 50-დან 100 კაცამდე, ეს არის და ეს, პირდაპირ საკუთარი თავის დისკრედიტებას ახდნენ ეს ადამიანები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო/ოდირის წინა დასკვნის აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ელოდება წინა დასკვნის აღიარებას, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით.
„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. გავაკეთეთ განცხადება, რომ პირველ რიგში, ველოდებით ეუთო/ოდირის წინა დასკვნის აღიარებას. როგორც კი აღიარებენ წინა დასკვნას, მაშინვე განვაახლებთ სერიოზულად მსჯელობას ეუთო/ოდირთან დაკავშირებით. ეს არ არის დახურული თემა, მაგრამ ჯერ ველოდებით წინა დასკვნის აღიარებას, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ახალი მისიის მოწვევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.