„დღეიდან, ყოველ ოთხშაბათს, შევხვდებით ტელეკომპანია პირველის ეთერში. ბედნიერი ვარ“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანმა რამოდენიმე დღის წინ დატოვა „მთავარი არხი“ რომელზეც დაფუძნების დღიდან გადიოდა მისი გადაცემა.
მოგვიანებით ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ჟურნალისტი წერს რომ მისი გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დამფუძნებლებს შორის დავას არ უკავშირდება:
"მეგობრებო, ვადასტურებ რომ დავტოვე ტელეკომპანია მთავარი.
არ ავხსნი როგორ მიყვარს ეს ტელეკომპანია. ჩემი დრო, ენერგია და სიყვარული მაქვს ჩადებული მასში.
როგორ მიყვარს იქ მომუშავე გმირები.
ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის. როგორც იცით, ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე.
ანუ, ამ თემას ჩემი წასმოვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ ეს ამბავი მე არ მიკავშირდება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს.
მქონდა სხვა მიზეზები და ახლა არაა მასზე საუბრის დრო. ახლა მთავარია რა ხდება რუსთაველზე. მთელი ყურადღება, ენერგია ამ თემაზე უნდა დაიხარჯოს.
ახალ სეზონზე გავალთ ან ტვ პირველზე, ან ფორმულაზე. ორივესთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას.
პ.ს. საერთოდ არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ დაწერეს სხვებმა და უნდა ამეხსნა", - წერს ჟორჟოლიანი
შეგახსენებთ, 11 დეკემბერს, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს მთავარი არხი. გაბუნიას თქმით, ოქუაშვილი მისი დანიშნული დირექტორის, გოგი ქურდაძის ხელით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას.
მთავარი არხის ერთ-ერთმა დირექტორმა გიორგი ქურდაძემ 24 დეკემბერს საჯარო რეესტრს მიმართა განცხადებით, რომ დაარეგისტრიროს ცვლილება არხის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ. ქურდაძე ცვლილების რეგისტრაციას გაბუნიას მიერ დამფუძნებლებისთვის 29 ნოემბერს გაგზავნილი წერილის საფუძველზე ითხოვს.