ვარდისუბანი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ116-კმ137 (ვარდისუბანი-ლარსი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი, მეოთხე და მეხუთე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე, ხოლო დანარჩენი გვირაბების შემოვლით გზებზე აკრძალულია. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მეორე და მესამე გვირაბებში, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.