თითქმის ერთი კვირაა აჭარაში, გურიასა და იმერეთში დიდთოვლობას ებრძვიან, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ნაწილი დახმარებას ითხოვს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გორმაღალის მკვიდრი, მონიკა ბერაია BM.GE-სთან იმერეთში დიდთოვლობის შედეგად არსებულ გამოწვევებსა და ამ დროისათვის არსებულ სიტუაციაზე საუბრობს. მისი თქმით, რეგიონში დიდთოვლობის გამო მთავარი გამოწვევა გზის გაწმენდაა. ამასთან, სოფელში რამდენიმე ოჯახს სახლი დაენგრა.
"გუშინ, ბიძაჩემი და რამდენიმე ადამიანი გზის გასაკვალად წავიდნენ. მანქანებს ელოდნენ, რომელიც გზას გაკვალავდა, თუმცა იმ მანქანებმაც ვერ გაკვალეს გზა, იმდენად დიდი თოვლი იყო და მოუწიათ გაჩერება. ველოდებით, რომ იქნებ გამგეობამ ტრაქტორი ან რამე გამოუშვას, რითაც გზა გაიწმინდება.
რამდენიმე ადამიანს სახლი დაენგრა. ჩემი სახლის უკანა მხარეს თოვლი შემოვარდა. ელექტროენერგია და გაზი არ იყო რამდენიმე ადგილას, მაგრამ ეს სრულად ვრცელდება თუ არა მთლიან სოფელზე, არ ვიცი", - ამბობს მონიკა ბერაია.
იმერეთში, ვანის რაიონი სოფელ ფერეთას მკვიდრი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გუშინ, მთელი ღამე ტრაქტორები მუშაობდნენ და დღეს უკვე გზები სრულად გაწმენდილია.
მისი ინფორმაციით, სოფელში სახლების დაზიანების შემთხვევა არ ყოფილა და სახლების დათოვლა რიგრიგობით მიმდინარეობს. ამასთან, აღდგა ელექტროენერგიის მიწოდებაც.
"დენი გვაქვს. გზა გუშინ გაიწმინდა და სახლებს მორიგეობით თოვლავენ. ახლა უკვე სასწრაფოსაც შეუძლია მოსვლა. ტრაქტორები გაუჩერებლად მთელი ღამე მუშაობს. მაგის გამო ჯიპები საწვავის მოსატანად იყვნენ წასულები და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პრობლემას წარმოადგენდა არის გზა, რაც პრობლემას წარმოადგენდა.
ამ სოფელში ვინმეს სახლი წაქცეულიყო ან დაზიანებულიყო, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა, რადგან შეძლებისდაგვარად სწრაფად მოხდა რეაგირება", - აცხადებს სოფლის მკვიდრი.