1989 წლის 9 აპრილს დაზარალებული პირები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები 60-დან 80 ლარამდე დანამატს იღებენ.
დადგენილება ძალაში 2024 წლის 1 იანვარს შევიდა. იქამდე მათი დანამატი 22 ლარიდან 44 ლარამდე მერყეობდა.
კომპენსაცია, დადგენილებით შემდეგნაირადაა განსაზღვრული:
- 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – ყოველთვიურად 80 ლარი;
- 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს – ყოველთვიურად 80 ლარი;
- 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს – ყოველთვიურად 60 ლარი.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილს დაზარალდა ათასობით ადამიანი, დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ 427 პირი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2021 წელს საქართველოს იმჟამინდელ პრემიერს გიორგი გახარიას, კომპენსაციების ზრდის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ასევე, 2023 წლის აგვისტოში 9 აპრილს დაზარალებული პირებისა და მარჩენალდაკარგულებისთვის კომპენსაციის ზრდის მოთხოვნით უკვე პრემიერ ღარიბაშვილს სახალხო დამცველმა მიმართა.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მშვიდობიან დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. ასობით დაშავდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველომ საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა აღადგინა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.