ბრიტანეთში ძუძუს კიბოს სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცეს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა სამსახურმა დაამტკიცა ახალი პრეპარატი, რომელიც ძუძუს კიბოს ერთ-ერთი განუკურნებელი ტიპის გავრცელებას ანელებს.
ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) ამ ნაბიჯს მეცნიერები „საეტაპო მომენტს“ უწოდებენ.

NICE-ს განცხადებით, დღეში ორი ტაბლეტის მიღებით, წელიწადში ათასზე მეტმა იმ ქალმა შეიძლება ნახოს სარგებელი, რომლებსაც დაავადების HR-დადებითი და HER2-უარყოფითი ტიპის დიაგნოზი აქვთ.

პრეპარატი ბრიტანულმა ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, AstraZeneca-მ შექმნა და კიბოს პროგრესს ანელებს ან საერთოდაც აჩერებს.

„ძუძუს კიბოს მოწინავე სტადიის მქონე პაციენტებისთვის ეს პრეპარატი შეიძლება დიდი შვება იყოს, როდესაც არჩევანი არც ისე დიდია და შეიძლება გადაავადოს ქიმიოთერაპიის საჭიროება და მისი გვერდითი ეფექტები“, — ამბობს NICE-ს სამედიცინო შეფასების დირექტორი ჰელენ ნაითი.

ძუძუს კიბოს მოწინავე ტიპს გარკვეული გენეტიკური მუტაციები აქვს და ძუძუს ქსოვილში ან სხეულის სხვა ნაწილში ვრცელდება.

ახალი პრეპარატი ბლოკავს პათოლოგიური ცილის იმ ქმედებას, რომელიც კიბოს უჯრედებს გამრავლებას აიძულებს.

კლინიკური ცდებით დადგინდა, რომ ეს პრეპარატი და ჰორმონული თერაპია დაახლოებით 4,2 თვით ზრდის დროს კიბოს გაუარესებამდე, ვიდრე მხოლოდ პლაცებო და ჰორმონული თერაპია.

პრეპარატის დამტკიცებას მიესალმება ბრიტანეთის კიბოს კვლევების ინსტიტუტი (ICR), რომლის მეცნიერების კიბოს უკვე ათწლეულებია იკვლევენ.

„ეს ნაბიჯი არის ტრიუმფი, რომელიც გააუმჯობესებს მკურნალობას ძუძუს კიბოს ამ ყველაზე გავრცელებული ტიპის მოწინავე სტადიის მქონე პაციენტებში. ამ სახის კიბოს მქონე პაციენტთა დაახლოებით ნახევარს მუტაციები აქვთ ერთ ან მეტ გენში; ამ პაციენტებში, პრეპარატს დაავადების პროგრესის შეჩერება შეუძლია“, — ამბობს ICR-ის ხელმძღვანელი კრისტიან ჰელინი.

NICE-ის განცხადებით, 2020 წელს ბრიტანეთში ძუძუს კიბოს დიაგნოზი 40 192 ადამიანს დაუსვეს; დიაგნოზის მომენტში, მათგან 15 პროცენტს მოწინავე სტადია ჰქონდა.