მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება სრულდება.
მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა ცატარდა, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და სანთლებით აღდგომის საგალობელს გალობენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ატარებს.ტრადიციულად, მსახურებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
ამასთან, მსახურებაზე ეკლესიებში განაწილდება იერუსალიმიდან საქართველოში ჩამობრძანებული წმინდა ცეცხლი. მსახურების დასრულების შემდეგ კი სასულიერო პირები მრევლის მიერ ეკლესიებში ღამისთევაზე მიტანილ პასქებსა და წითელ კვერცხებს აკურთხებენ.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებისთვის 50-დღიანი მარხვა დასრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბრწყინვალე შვიდეული მსგეფსია და ეკლესიურ ადამიანებს ყოველგვარი საკვების მიღება შეეძლებათ.
წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. მართლმადიდებლური სწავლებით, უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა, შემუსრა და იქიდან მართალთა სულები ამოიყვანა, რომლებიც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ და სამოთხეში ვეღარ ხვდებოდნენ. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.